ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

857. “მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი, ვეღარ ვიქნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მუნ მორწყო ველი, მითხრა, თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”

858. “თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს; მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს, მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: “ნუ წახვალო, და გაწამოთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!”

859. “ეგრე უთხარ: “თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების, მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების, ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების”.

860. ღმერთი მყავს მოწმად, ვეცადე გულისა მობრუნებასა, მაგრამ არ დამყვა სალხინოდ, მეტყოდა ვაგლახ ვნებასა; ერთხლ დამწვარი პატრუქი ვეღარ იქს გაპწყინვებასა. აწ ნუღარა იქთ ჩემისწასვლითა დაჭმუნებასა.“

861. “მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, მითხრა: “ხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი, ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენი რამცა გავკიცხენი? თვით ამანვე მოგაწონოს სახედრობა, სიფიცხენი”.

862. “ფრიდონ-გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით; მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

863. “ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე, რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე, მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.

864. “ვჰთქვი, თუ: “ჩემი აღარაა სიარული, ცუდი ცურვა, ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!” მონათა და ამა ასმათს სიტყვა უთხარ შვიდი, თუ რვა: ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

865. “აწ წადითო, მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა”. რა ესენი მოისმენნეს საუბართა ესოდენთა, მითხრეს: “ჰაი, რასა ბრძანებთ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

866. “უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა, ნუ უფალსა, ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა, თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა”. თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა აგზომ არ- ღაფალსა!”

867. “ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

868. “ესე ქვაბნი უკაცურნი ვჰპოვენ, დევთა შეეკაფნეს; შემოვები, ამოვწყვიტენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს, მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს; საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

869. დევნი დახოცნა ტარიელ, შექმნა სისხლისა მდენები; ასმათ ილოცავს, ღმერთს წინა გამარჯვებისა მქენები; ვით მოხდომია შეკაზმა, ბევრი ხამს ქებად ენები, მკლავისა ძალით დახოცნა, არ შეჰყაროდა სენები.

870. “დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა; მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა; მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა, ასნი ერთ-კერძთა მომიხდეს, დავფრიწე, დაიხეოდა.

871. პირველ რაზმი დავფრიწე, შევლეწე ქვაბის კარები; დიდი რამ დევი მომიხდა, მას ხელთა ჰქონდა ფარები; რქასა ვსტაცე, დავითრივე, არ მოვახმარე მხარები; ხანჯლითა გული გაუპე, რუდ დის სისხლისა ღვარები.

872. ,, დაღამდა, ომი დასწყნარდა, გუმბათსა დაჯდა მთვარეო; დახოცილითა დევითა აივსო არე- მარეო; გლახ მე და ასმათ მარტონი გავჰყრიდით ქვაბთა გარეო; ხელსა მიმჭირდა, მას აქათ სულნი ამომხდენ ბარეო.

873. “აჰა, ძმაო, მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკვდები; ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

874. “რომე-ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს; ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს, რადგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.

875. “მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები; სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

876. ,,აწ ათია წელიწადი, ჰინდოეთით რა წასრულა, მის მთვარისა ჩემგან პოვნა ანუ ნახვა გარდასრულა; აჰა, მიკვირს, ალმასისა, გული გასძლებს ამას რულა! ყმამან ხელი პირსა იკრა, რა ამბავნი დაასრულა.