ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

837. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, უცხოდ ეუცხოა, მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა; ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოა, თვალთათ, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოა”.

838. ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!” მოვახსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად! იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად; აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”

839. “ფრიდონს უთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული; მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული! შენ მაღალი ჰინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული, სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.

840. “კვლავაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახვარსა-მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი-მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად გაგიცვალებს, არა ოდეს შეგვაწუხებს”.

841. “წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის-წინა; ფრიდონს უთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ-ა, ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა, მაშა რადგან შეგემეცნე, ამის მეტი რად რა მინა?

842. “არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად, ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოვნელი წამისად”.

843. “მან-მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი? მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ჰინდოეთს მჯდომელი; მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი? ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი.

844. “ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; აქა-მოგესმის წამალი, შენ რომე გწვავს ალთა. ნუთუ ქნას ღმერთმან გარდასვლა ა მაგა ჭირთა და ვალთა!”

845. “ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია, მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია; მუნამდისცა მოიჭირვე, – გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია”.

846. ,, კვლა მოგახსენებ,მეფეო, იყავ გულისა ამებად, თავი ჩემი და ლაშქარნი მე თქვენთვის დამიც წამებად; ღმერთი უხვია, გიბოძებს შენსავე ტახტსა დაგებად, არ მოიკრიფვის ნაყოფი უდროვოთ და უჟამებად.“

847. “კაცნი უხმენ მასვე წამსა, - ესე საქმე დავიურვეთ, უბრძანა თუ: “ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ; მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოვასურვეთ, თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ”.

848. ტარიელ გვითხარ სიმღერა მაგ ხმითა მოგვრინავითა, არ გვიყოს ღმერთმან სამუდმოდ ცა რისხვით მოგვგრინავითა, ნუ არის გული ნიადაგ ლახვართა მოგვრგვინავითა, ამ ჩემსა სულსა ზღვას შევრთავ, მზესა შინ მიგვრი ნავითა.“

849. მოასხნა ფრიდონ, გაგზავნა მცოდნელნი ყოვლის ზღვისანი; უბრძანა:,, იცით, არა ჰგავს აწ ამას საქმე სხვისანი, მოსულა ინდოთ ხელმწიფე, გარჯილი შორის გზისანი, ან უნდა ზღვასა დაენთქეთ, ან შუქნი ჰპოვეთ მზისანი.“

850. სხვანი წამოდგნეს მისისა სპათაგან გამორჩეული; ,, ხედავთა ამა საროსა, სჩანს ჭირთა შენარხეული; ჩვენ ამის ჭირთა ვენაცლნეთ, მეფე მოყმეა ეული, აწ წადით, თქვენცა დაყავით საძებრად წელი წრეული!

851. “აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; უბრძანა: “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს”. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მორემლხენოდეს, უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

852. “ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საბატონოსა, მითხრა, თუ: “მცდარ ვარ აქამდის, ვერ მივხვდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ჰინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!”

853. ,, ზღვათა და ხმელთა არ მორჩა, გაგზავნა ყოვლგნით მძებნელი; ზღვათა ნავი და კატარღა თემ- თემად გზათა მტკეპნელი; ამბავს ვიცდიდი შავგული ახალთა ცრემლთა მდენელი, ვისცა ენახოს ნათელად ღრუბლის სეკრული მზე ბნელი!“

854. “რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელნი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი; ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მცნობელნი, მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლი შეუშრობელნი.

855. ,, ვთქვი:,,რა მქონდა სახლსა ჩემსა, სპათა ვსჭვრეტ და ვსვამ იგია, მე ვიშვებ და იგი ტყვედა ზღვათა შიგა წამიგია, კლდისაგანცა უმაგრესსა ესე ვითა გამიგია? ხრმალსა ხელსა ვეღარას ვხდი, ცუდად შიგან რას მიგია?

856. “მე ფრიდონს უთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების, ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.