ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

916. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა; მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა. კვლა საწოლს დახვდა მას მზესა მუნცა სიტყვითა ბრძენითა. მისვლა ებრძანა; იამა, თქმა არ ეგების ენითა.

917. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი მინდორს ლომთა თანა მინდორს რული, ფერ-ნამკრთალი, ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარი და სრული, ლალი, მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

918. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხვად ურწყო ედემს რგული ალვა მჭევრი; ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი, მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი!

919. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა; სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა; უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა; უთხრა: “ჰპოეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?”

920. ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა. ვჰპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა, მუნ პირი მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

921. “მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა მი-ნები; იტყვის: “დავჰკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები”. მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”. მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

922. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა, მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა, ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.

923. ეგონების მისი მკვლელი, იარების ცრემლთა მფრქვნელი; არ შესჯერდეს შემოქმედსა, ზღვადცა მისცეს საქონელი; ცუდად შვრების, იარების, გამოჭრილა ჰინდოელი; მიწყივ უდებს ცეცხლსა მასვე მისი დამდაგველი.

924. “ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების? მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების; თვალნი მჭვრეტელი, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების: ვარდი არ ქნილი ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”

925. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქო სახლად, მენად; ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად, “ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!”

926. ქალსა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა; იტყვის: “რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა, რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

927. ყმამან ჰკადრა:,, ვინ მიენდოს კაცსა ცრუსა დაუნდობელს! იმა ლომმან ჩემთვის თავი დაჰსდვა ბუთსა დასადნობელს; მუნ აღმითქვამს მისლვა ჩემი რგებად მისსა ფიცით მხმობელს, მზე მიფიცავს მისი, ვისთვის ვღვრი სისხლის ცრემლს შეუშრობელს.“

928. ყმა ეტყვის: “ვის აქვ მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა, არ დასაწვავისა, დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

929. “ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად; კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

930. მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვ, ჩემგან დანერგულისა, ვპჰოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

931. “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინად უხვდების, რადგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

932. “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა; ძებნა წამლისა მისისა - ცოდნა ხამს, უვიცისა, ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მე ცისა?”

933. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წურვა, თუ გიახლო, ერთხელ ვა და რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

934. “ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სად ალი! გული ძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისად დღისითღა ჩანს ნასამალი; მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

935. “მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი არ წამატანე”.