ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

781. «მან უთხრა: «წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; წმინდისა წყალი ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია», მათ გაეხარნეს, ხმა - მაღლად იყივლეს: «იპი, იპია». ესე ვნახე და არ მოვჰკვე, არა მგავს არცა სიპია.

782. «ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირემ მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა». დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

783. ,,ნესტან-დარეჯან ქაჯთ მისცა დავარ ეხევის დანებსა; მზისა სხივსა და მწერვალსა უფრსკულსა ჩაიყვანებსა; მას უებროსა მნათობსა ნავსა სმენ კიდობანებსა; პირსა ბუცვენ და უკლეტენ, შუქსა ვინა მოივანებსა?

784. მზე დაუკარგა სოფელსა, დავარ გულს იცემს დანას ეს; ქაჯს მისცა, ზღვაში დაანთქა, ვარდი დათრთვილა, დანასეს; ტარიელისთვის ხელ-ქმნა და ჭირთა სიმრავლე ანასეს, მამას გაჰყარა სამკვიდროდ და მოაშორევს ანას ეს.

785. «რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

786. “მე უთხარ: «დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია». სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

787. “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა უთხარ: «ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა». აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა.

788. სევდა დაერთო ასეთი, ვერ მოვიშორვებ, ძნელია; ნახეთ, სოფელმა რა მიყო, საქმე ნაქმარი ძნელია; აწ ახლა კაცი ვინ არის ჩემის ჭირისა მქმნელია? ღმერთს მივენდობი, ისი სჯობს, ეს საქმე უფრო მთელია.

789. ,,შევიჭურვე, ჩემთან ჩემნი მოემზადნენ ასნი ზრდილნი, ყმანი ჩემნი გულ- სანდონი, საყვარელნი ვითა შვილნი; არ მომშორდნენ, უჩემოსა არ უნდოდათ არცა ძილნი, თან გამომყვნენ, ველნი განვლეთ, ზღვად მივედით დაჭმუნვილნი.“

790. “შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას-სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, გამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, ზღვის პირს მიველ, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.

791. “ნავსა შევჯე, ზღვასა შეველ, ზღვასა შიგან გავალაგდი; არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.

792. “რომე დავჰყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვსთქვი თუ: «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყო - ცა».

793. “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა; ყველაკაი დამეფანტნენ, დარჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

794. “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემამგონანი. მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

795. თომა მოგვხრობს ქადაგი, ინდოეთს მოვიარენით; თვით მე მივართვი ხარება, სიბრძნის ვამცენით, არ ენით. თავზედა ნიში ჯვარისა სიმშვიდის შეიყარენით; თვალნი აღახვნეს საფლავით, მარიამს შევეყარენით.

ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს შემოეყარა

796. ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი; ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი; არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდა გულსა დაღნი; მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

797. “ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი, ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

798. “ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურმე წყლული სტკიოდა; ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

799. ,,ფრიდონ მოყმე დაკოდილი შავს ზის, მოვა ზღვა-ზღვა ცურვით; ხელთ ხრმალი აქვს გატეხილი, ბიძა-ძეთა მწყრომი მდურვით; მას ისრები ზედ ასვია, სისხლი ღვარად არ მოწურვით; მოხდომია მას ლომ- გულსა იგ დოლბანი მრუდად ბურვით.