... (H-742), XIX ს.

722. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული. ანუ ვით ჰპოა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული. ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალ დაფახული. უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული.

723. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა. შენი წასვლა არვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვჰქენა. მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა განისვენა. ცისკრად შეჰჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა.

724. არცაღა დაჯდა ნადიმად არცაღა კვლავ ხალვათისა. შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა. ფიცხლად წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მეკამათისა.

725. შესთავლა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით. ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით. მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდობით. აწ ვსცან და გაცნევ ყოველი მოვალ შვებით და მშვიდობით.

726. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი. შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი. ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოელი. ბრძანა ვსცან ჩემი ღმერთისაგან სააჯო და სათხოელი.

727. თინათინს ჰკადრა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა. ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა. იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა. მას საბოძვარი უბოძა მისი ყველაი დამოსა.

728. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მომავალსა. ამას პირ მზე მეფისაგან ივალებდა დიდსა ვალსა. მიეგება მოეგება მხიარული გულ მხურვალსა. დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი გვანდა ვითა მთრვალსა.

729. რა მიიახლა გარდახდა ყმამ თაყვანიჰსცა მეფესა. აკოცა როსტენ მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა. გულ მხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა. მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

730. მას ავთანდილ თაყვანიჰსცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლისა ზესთა ზესა. სახლ სამყოფი არა მართებს ცამცა გაიდარბაზესა.

731. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა. ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა.

732. სმა გარდახდა თავის თავის გაიყარნეს მსმელნი შინა. დიდებულნი არ გაუშვეს ყმა დაისვეს ახლოს წინა. მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს რაცა ჭირი დაეთმინა. მერმე მისსა უცნობოსა რა ენახა რა ესმინა.

733. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა. მზე თუ ვსთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა. ვინ უნახავ ჰქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა. ვარდი დამჭკნარი ეკალსა შუა შორს მყოფი ახისა.

734. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან. ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან. ავანდილ მისმან მხსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან. წვრილად უამბო ანბავი მან მისმან მონასმინამან.

735. ქვაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები. საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები. ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უჩნს სტავრა ნახლები. აღარა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწვავს ახალ ახლები.

736. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა. ნახვა მის მზისა ნათლისა მის თვალად არ დუხჭირისა. უამა ქება ვარდისა ხელი მძლედ დანაჭირისა. ეგე კმა სიმხნე სიმხნისა რადგან ხარ მამხვე ჭირისა.

737. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა. მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა. კვლავ საწოლს დახვდა მას მზესა მუნცა სიტყვისა ბრძენითა. მისვლა ებრძანა იამა თქმა არ ეგების ენითა.

738. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი. ლომი მინდორს ლომთა თანა მინდორს რული ფერ ნამკრთალი. ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული წყალი. მაგრამ ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

739. მზე უკადრი ტახტსა ზედა ჰზის მორჭმული არ ნადევრი. წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგულა ალვა მჭევრი. ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი. მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა ჰხამს აქებდეს ენა ბევრი.

740. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა. სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყვისითა. უბნობდენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა. უთხრა ჰპოვეა პატიჟნი მაგრა ძებნითა ვისითა.

741. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა. ხსოვნა არა ჰხამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა. ვჰპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყალთა რწყულისა. მუნ პირი მსგავსი ვარდისა მაგრა აწ ფერ ნაკრულისა.