ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა჻

949. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა჻ შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა჻ მოიცადა კითხა ვინ ხართ თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა჻ ეს სამეფო ვისი არის ან ჰმორჩილობს ვისსა ჴმასა჻

950. მათ მოახსენეს ტურფაო სახით და ანაგებითა჻ გვეუცხოვე და გვეკეთე მით გეუბნებით ქებითა჻ აქამდის მზღვარი თურქთაა მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა჻ ჩვენცა ვისი ვართ გიანბობთ თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა჻

951. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა჻ მოყმე მჴნე უხვი ძლიერი ფიცხლად მამხტომი ცხენისა჻ ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა჻ იგია ჩვენი პატრონი მსგავსი ცით შუქთა ფენისა჻

952. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე჻ მე მეფესა თქვენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე჻ რა ვიარო ოდეს მივალ ან გზასა აქვს რა სიდიდე჻ მენავეთა უწინამძღურეს არ დააგდეს ზღვისა კიდე჻

953. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი჻ მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ ფიცხელი მახვილ ჴმალი჻ აქადაღმე ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო ფერად ლალი჻ ვაი რად დაგვწვენ უცხოდ უცხომ რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი჻

954. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი჻ ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი჻ თქვენმცა მაშინ გენახენით ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი჻ ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით ჩვენგან სხდიან მხიარულნი჻

955. იგი წავიდა დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა჻ ვისი გავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა჻ მიაცურვებს და მიუბნობს მოსთქვამს მისსავე ლხინასა჻ ნარგისი ქუხან ცრემლსა სწვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა჻

956. ვინცა გზას ნახნის უცხონი მსახურებდიან ყმობდიან჻ მოვიდოდიან საჭვრეტლად მას ზედა სტრფიალობდიან჻ ეძნელებოდის გაშვება გაყრასა ძლივ დასთმობდიან჻ გზის ყულაუზი მისციან კითხის რა უამბობდიან჻

957. მულღაზანზარს მიეახლა ადრე დალევს გზასა გრძელსა჻ მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა გვანდეს მსვრელსა჻ ყოვლგნით ალყა შემოეკრა მოსდგომოდეს გარე ველსა჻ ისვრიან და იზახიან მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა჻

958. კაცი ემთხვია მას კითხა ამბავი მის ლაშქარისა჻ უბრძანა ისი ვისია ჴმა ზათქისა და ზარისა჻ მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე მეფე მულღაზანზარისა჻ იგი ნადირობს შეუკრავს ნაპირი ველ შამბნარისა჻

959. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა჻ გამხიარულდა შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა჻ მისთა გამყრელთა დააზრობს შემყრელთა დასწვავს მზე ვითა჻ ნახოს მჭვრეტელთა აახლებს ტანი ლერწამობს ხე ვითა჻

960. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა჻ ყმამან ცხენი შეუტევა გაამაყდა არ შეშინდა჻ შესტყორცნა და ჩამოაგდო დაეცა და სისხლი სდინდა჻ გარდაჴდა და ფრთენი დასჭრნა წყნარად შეჯდა არ აქშინდა჻

961. იგი რა ნახეს მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს჻ ალყა დაშალეს მოვიდეს მოეხვეოდეს ბნდებოდეს჻ იქით და აქათ უვლიდეს ზოგნი უკანა ყვებოდეს჻ ვერცა კადრებდეს ვინ ხარო ვერცა რას ეუბნებოდეს჻

962. მინდორსა შიგან გორი დგა ფრიდონ მას ზედა დგებოდა჻ ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა჻ მუნ დაემართა ავთანდილ მას თანა ყოვლბი ყვებოდა჻ ფრიდონს უკვირდა რა ქნესო მისთა სპათათვის წყრებოდა჻

963. ფრიდონ მონა გამოგზავნა წა ნაჴეო ისი სპანი჻ რა ქნეს ალყა რად დაშალეს სად წადიან ვითა ბრმანი჻ მონა ფიცხლავ მოეგება ნახა სარო მორჩი ტანი჻ დადგა თვალნი გაურეტდა დაავიწყდეს სიტყვის თქმანი჻

964. ავთანდილ ცნა თუ ისია მოამბედ ჩემად რებული჻ უთხრა რქვი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული჻ ვარ უცხო ვინმე ღარიბი სამყოფთა მოშორვებული჻ ძმად ფიცი ტარიელისა თქვენს წინა მომგზავრებული჻

965. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბვისა მისისად჻ უთხრა მზე ვნახე მოსრული ჩანს მანათობლად დღისისად჻ ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ თუ ბრძენთა ნახონ ისი სად჻ ვარ ძმაო ტარიელისა შეყრად ფრიდონის მქისისად჻

966. რა ტარიელ მოისმინა ფრიდონს ჭირი უსუბუქდა჻ თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს გული უფრო აუჩუქდა჻ მონაქროლმან ვარდი დაზრა წამწამთაგან ბუქი ბუქდა჻ შეიყვარნეს ერთმანერთი მათგან იქო არ გაუქდა჻

967. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო ჩაეგება ფრიდონ წინა჻ რა შეხედნა და ესე თქუა თუ არ მზეაო ისი ვინა჻ მას მეტობდა რაცა ქება მონისაგან მოესმინა჻ ერთმანერთსა გარდაუხდეს ლხინმან ცრემლი აფრქევევინა჻