ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

725. დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული უც, თუცა მელია; ვთქუი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქუმის, არ საქნელია!” მეფემან ბრძანა: “ხუარაზმშა, ჴელმწიფე ხუარაზმელია, თუ მოგუცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ რომელია.”

726. რომე პირველვე დაესკუნა, მათ ესე შეეტყუებოდა; ერთმანერთსაცა უჭურეტდეს, სიტყუაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მიდამო კრთებოდა.

727. დედოფალმან თქუა: “ხუარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩუენთვის სხუა სჯობდა რომელი?” შეცილებამცა ვით ჰკადრა, რადგან თუით იყო მდომელი! მოწმობა დავრთე, დაესკუნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

728. გაგზავნეს კაცი ხუარაზმშას წინა შვილისა მთხოველი; შესთუალეს: “გაჴდა უმუვიდროდ სამეფო ჩუენი ყოველი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოველი, თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ, სხუასა ნუღარას მოელი”.

729. კაცი მოვიდა; აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გახარებოდა ხუარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგუხვდა ღმრთისაგან, ჩუენ რომე ვინატრიდითა, თუით მაგისებრსა შვილსამცა ჩუენ ჴელსა რასა ვჴდიდითა!”

730. კულავ გაგზავნეს სხუანი კაცნი სასიძოსა მოყუანებად, დაავედრეს თუ: “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩუენად ნაბრძანებად”. მე მაშურალი, ნაბურთალი საწოლს შეველ მოსუენებად გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”.

731. აქ საწოლს მჯდომი ტარიელ შექრუშვით, სევდიანადო სასიძოს მოყუანისათვის გულს ლაჴუარი სჭირს დანადო; მონა მოვიდა საჴმობლად, იგ მისთუის წასაყუანადო. იგ გაუწყრების, რომელი ვერ მზეა იმისთანაო.

732. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მომართუა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

733. შევჯეგ, წაველ, ბაღჩას მიველ, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით; ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე, ვსჭურეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწუთა წთომით, დამიმძიმდა, არა ვკითხე; ჩემი სჭირდა მისულა ნდომით.

734. იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემაცინის, აღარ ეგრე გამიღიმდა. ყოლე სიტყვა არ მამიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწუიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

735. ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყუანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შეველ, ვნახე იგი მთუარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა, გულსა შუქნი შემამადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

736. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პირ-ოქრო მე მივეც რიდე რომელი; მითვე მწუანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღუარსა მოეცუა პირი, ელვათა მკრთომელი.

737. ქუე წუა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე გუანდა, არც მთუარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსუა შორს-გუარად გულსა მე ლაჴუარ ხებული, მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით, გამწყრალი, გამეხებული.

738. მიბრძანა: “მიკუირს, რად მოხუე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცუალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა მი ცისა!” ვკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?”

739. ვთქუი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?” კულაცა მითხრა: “რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა? დიაცურად რად მოვღორდი, მე დაუწუავ ამით ალსა!

740. შენ არ იცი ხუარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყუანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, ღმერთმან ქნას და დაგირჩინოს ცუდად შენი ჴელოვნება!

741. გახსოვს, ოდეს “ჰაი ჰაი ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსავე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუვესა ნეტარ სხუანი რამცა გვანდეს, რადგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

742. ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქუს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგუანან ტყუვანსა და შენ აგეთსა!

743. ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაყო; თუ ეცადო დაყოფასა, ჴორცთა შენთა სული გაყო! სხუა ჩემებრი ვერა პოვო, ცათამდისცა ხელი აყო!” ესე სიტყუა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქუნა, აჰ ყო.

744. ვთქუი: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის მეტად, კულავ მიეცა თუალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭურეტად. აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალვარ, რად ვარ რეტად? ვაი, სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხურეტად?!