ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

745. შევხედენ, ვნახე სასთუნალს მუსაფი გაშლით მდებარე, ავდეგ, ავიღე მე ღმრთისა და მერმე მე მათი მქებარე, ვკადრე თუ: “მზეო, დაგიწუავს, ჩემიცა დაწუი მზე ბარე, რადგან არ მამკალ, პასუხი ერთია გკადრო მე ბარე.

746. რომე გკადრებ, ესე სიტყუა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლე ჩემთუის ნაშუქნია! თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა, არ მიქნია; მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქუიო”, თავი დამიქნია.

747. კულაცა ვჰკადრე: “მე თუ, მზეო, შენთუის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხუა მისი ზეცით ჩემთუის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს! მაშა მაშინ როგორ დავრჩე, რა ლაჴუარი გულსა მეხოს!

748. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ, მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ მაგრობა.

749. მემცა დაშლა ვითა ვკადრე, რადგან იგი ვერ მიმხუდარა, არ იცის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამჴდარა? ერთი მე ვარ მემამულე, სხუასა მართებს არად არა, ვის მოიყუანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა!

750. ვთქუი: “ამითა ვეღარას ვიქ, ღონე სხუა რა მოვიგუარო”; თავსა უთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ გუარო! მედვა გული მჴეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, ვისმცა მივსცე თავი შენი, შენვე რად მე არ წამგუარო?!”

751. სულთა ვყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წუიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა?!

752. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა, მე და შენ ვიჯდეთ ჴელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე რძლობასა”.

753. მოლმობიერდა მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული; ახლოს დამისუა, მაღირსა აქამდის არ ღირსებული; ანუ მზე იყო ქუეყანად, ან მთუარე პირ გავსებული; მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი, ამითა გზებული.

754. მიბრძანა თუ: “გონიერი, ჴამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგუაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და ისი წაიკიდოთ, ინდოეთი გარდაქარდეს.

755. კულავ თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთავს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩუენ პატიჟნი გაგუიასდენ, ესე ამბვად არ ეგების, რომე სპარსნი გაგუიხასდენ”.

756. მე ვკადრე: “ღმერთმან აშოროს მას ყმისა შენი ქმარობა; რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გმირობა; უჩუენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავჴოცო, შეეძლოს აღარა არ საჴმარობა”.

757. მიბრძანა თუ: “ჴამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს, სიძე მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად, ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად.

758. ასრე ქენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო” მისთა სპათაცა ნუ დაჴოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, სისხლი კაცისა უბრალო კაცმანცა ვით იტუირთაო!

759. იგი რა მოკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა; ჰკადრე თუ: “სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკუიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეჴსნები, გაგიჴდი ქალაქსა ვითა ტრამასა!”

760. ჩემი ყოლე ნურა გინდა სიყუარული, არცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ქნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხუეწა, შემოკდომა, ჴელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.

761. ესე მეტად მამეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაცადე დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქუევე წუევა, მწადდა, მაგრა ვეღარა ქნეს შეჭიდება, შემოხვევა.

762. ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავჰხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღუა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასულა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი”.

763. გარე ვაქციე ასმათი მუნ ჩემი ჩიმოყოლილი; ღამით უჭურეტდი ვარსკულავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი; გულსა დამესუის ლაჴუარი შავთა წამწამთა სროლილი; მისმან შუქმან ფერი მიკრთო დამალება, დამდუა წყლული;

764. ხუარაზმშით გამოემართა რამადან მეფის შვილიო; მუნავეთაცა უბრძანა: “ მოკაზმეთ ყოვლგნით ნავიო, მთუარე კირჩხიბსა ზედან ზის, ჩააწყუეთ სამძიმარიო, მათსა ქებასა ვინ იტყუის, ენამ იკრძალოს თავიო.