ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

ხუარაზმას შვილის ინდოეთს მოსულა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა

765. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსულა გუახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიხუდა სიამე, არ სიტყუა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისუა, “მოდიო”, თავი დახარა.

766. მიბრძანა: “ჩემთუის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიჴადოთ ქორწილი, ჴამს ვითა დარეულია; კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხუად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.

767. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამამხმელნი; სასიძოცა მოგუივიდა, იყუნეს ხანსა არ დამზმელნი; შიგნით ჩუენნი გაეგებეს, გარეთ მოდგეს ხუარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდა ვერცა ველნი.

768. მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისუენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახუად გავიდენ უშენოდ სხუანი სპანია, შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახუისა კმანია”.

769. მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდაჴდა, დღე გუანდა არ აღუსებისა, შეიქმნა გასულა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ თემად დას დასებისა.

770. მე დავშუერი, ვითა წესია საურავ გარდაჴდილისა; შინა წამოველ მაშურალი, ქნა მომდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მამართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: ადრე მოდიო, გიბრძანებს მგზავსი ალვისა ზრდილისა”

771. მე შინა წაველ, მმრავლობდეს სევდისა რაზმთა ურუანი, მას ვიგონებდე, რომლისა გულსა მიწყლვიდა სურვანი; ასმათის მონა წიგნით მხუდა, ზე აჩნდა ოფლში ცურვანი; მალედ მოდიო, გიბრძანებს, ვისი გაქუს სულებრ წყურუანი.

772. “ცხენისაგან არ გარდავჴე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხუდა ნატირები, ვკითხე: “ცრემლსა რასა მილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავცილდი, გაუწყუეტლად ვით გამართლო? რაგვარამცა გავაქილდი?!”

773. შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე; მზე ვეღარას იქს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდეგ, დღე გიჩანს წინ საომარე! ანუ გამწირე, მიტყუე და კულავცა მომიცდომარე?”

774. მე მეწყინა, აღარა ვთქუი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუვყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა უნდი! ქალი ომსა როგორ მაწუევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!” შინა მოველ, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

775. ასსა უბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით” შევსხედით, გავლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შეველ, სასიძო ვითა წუა, ზარამც თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, ვით ჴამდა სისხლისა დენით.

776. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერჴთა მოვეკიდე, თავი სუეტსა შეუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჴვდა საარაკე, ცხენსა შევჯე, და წამოველ; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

777. აწ გაუცუდდეს ფარსადანს იგ მისი თათბირობანი; ავად მოუჴდა ხუარაზმშას ქორწილი, სიძე რძლობანი; მზე დაუკარგავს ტარიელს, ეწივნეს ვარდთა ძრობანი, წესია ამა სოფლისა, გაზაფხულს მოზდევს სთლობანი.

778. ჴმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი. წამოველ, წევნა დამიწყეს; დავჴოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მაშიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი.

779. კაცი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყუელასა: აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შუელასა” არ გაწყდა მოსულა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა სცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა.

780. ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად; ვნახე სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცუალე სიხარული სიმძიმილად?

781. “ხუარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკუდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”

782. მე შეუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თუ არ რად მიშლის სიკუდილსა ცეცხლი სირცხუილთა ალისა? მაგრა თუით იცით, ჴელმწიფე ჴამს მქმნელი სამართალისა, მე თქუენმან მზემან მაშოროს ნდომა თქუენისა ქალისა.

783. იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდომია! ერთი ღა მე ვარ მემკუიდრე; ყუელაი თქუენ მოგხდომია, ამოსწყდა მათი ყუელაი, მამული თქუენ დაგრჩომია; სამართლით ტახტი უჩემოდ არავის მისაჴდომია!