ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

641. ვიცი რომ შენცა დაბერდი, აღარ გიც ბევრი ხანია; აღარც შენა გცალს სოფლსთვის, ხან ვარდი ჰკრიფო, ხან ია; ანუ მინდორად შეექცე, მოჰკლა ქურციკთან თხანია, ასრე გვაბრუნვებს სოფელი და ჟამი ეს უხანია.

642. “ძეთა შენთა ესე უთხარ, მტკიცედ კარგა დააბარე; მათცა იძმონ ძენი ცემნი, ძმისგან უფრო მიაბარე; ღმერთსა უნდეს, მტერნი მათნი ხელ-შეკრულნი მიაბარე, მე საფლავს ქვეშ მამაქციე, მიწა ნიჩბით მიაბარე.

643. “კარგნი ყოფილხართ სამნივე, ჰხოცეთ დევი და ქაჯები; წაგიხდა მხნენი ძალ-გული და დალპა ცუდად მაჯები; სოფლის ურჯულოდ წასვლისთვის თუ არ აგართვან აჯები. მიკვირს მწერალო, ანდერძსა მათსა სწერ, რად ისაჯები?

სიკვდილი ავთანდილისა და ცოლისა მისისა თინათინისა

644. აზომ არ არის სოფლისა საღამო არცა დილია სიზმრისა უფრო სიზმარი, ჩრდილისა უფრო ჩრდილია; არ ამოჰკრეფენ სწავლულნი, მათ მათგან გამოცდილია; ავი და კარგი სწორად სჩანს, სიცოცხლე თუ სიკვდილია.

645. ავთანდილ და ცოლმან მისმან დაყვნეს წელნი სამოც-თნი; ღმერთმან მისცნა ორნი ძენი, სიტურფითა მსგავსი მათნი; გაუნდოვდეს საჭვრეტელად ბროლ-ბადახშნი, მინა-სათნი. სიბერემან გაუცუდნა მათ, გლახ, მათნი ხასიათნი.

646. ავთანდილ და ცოლმან მისმან სული ცათკენ გაგზავნესა, ორნი ესე ხორციელნი იგი მათსა სინაზესა, ხორცითაცა შეიერთნეს მას წყაროსა ზესთა ზესა, მზე მრავალთა დაუტევეს, მიიახლნეს ერთად მზესა.

647. ვინცა კარავნი გააკრავნა და თიკანნი გაათიკნა, მანვე თხანი თიკანთაგან გაარჩივნა, გააბლიკნა, გონიერნი გაამაღლნა, სულნი მათნი მოირკინა;

648. მითქვამს და კვლავ ვსთქვა სოფლისა სიცრუვე კვლა და კვლადობა. იგი გარდახდეს, გაისმა ოდენ ამბავი მათობა, სადაა კბილთა სითეთრე, ანუ ღაწვთაღა ნათობა, მტვერად შექმნილა წაუხდა მათ მათი ხასიათობა.

აქა ფრიდონისაგან ორგანვე მისვლა და ტირილი და მოთქმა

649. მოვიდა ფრიდონ ტირილით, ზახილით თავსა მცემელი, იხოჭს და იგლეჯს და მოსთქვამს არ უნდა გარდამცემელი. მოიღო მეტად დიადი გლახაქთა მისაცემელი. უნდოდა, თუმცა ეშოვნა ლახვარი დასაცემელი.

650. ტაგრუცსა მიჯდა მოსთქმიდა ხმითა მით შვენიერითა; იგლეჯდა თეთრსა თმა-წვერსა, გაჰყრის ბროლისა-ჭერითა; მაღლა იზახდა ვაგლახსა ტირილით, არ სიმღერითა, მართ წმინდად გაგლეჯილიყო ერთობ თმითა და წვერითა.

651. თქვნა მეტად კარგი სიტყვანი ფილასოფოსთა ცნობასა, რომე ხორხითა იტყოდა მსგავსი დავითის ძნობითა; “მე, გლახ ვით მოვჰთქვა სიკეთე თქვენისა ცხენოსნობისა ან ვით მოვთვალო მოკლული თქვენისა მშვილდოსნობისა!

652. “რაზმთა მლეწელნო, ყოველთა მებრძოლთა თქვენთა მძლეველნო, კვლავ ასპარეზად ტურფანო, უსწოროდ დამნაძლეველნო თქვენ, ვისცა შველა უბრძანით, უცხონონო შესაძლეველნო, აწ ცრემლთა ჩემთა დენასა, ხამს, თუ ვით გაუძლე, ველნო.

653. “თქვენებრ ტახტსა ვის დაჯდების, ვინ მოჰკაზმავს სრასა სრულად, ან ნადიმსა ვინ გარდიხდის ზნე-უკლებსა ჯავარ-სრულად? ვითამც დავრჩი მე უთქვენოდ, ვიგონებდე ამას რულად? ცოცხალი მე არ ვიქნები გაკიცხული, გაბასრულად.

654. “თინათინს, ნესტან-დარეჯანს ვით მოეთქვნა სინაზენი! ტანი მჭევრი ალვის მორჩი, პირი მჭვრეტთა ამაზრზენი, ბროლ-ბადახში, ლალ-გიშერი, მარგალიტთა შენათხზენი, საუბარი სიტყვა-ტკბილი, ვერ მჭვრეტელთა ამაზრზენი.

655. ფრიდონ მოსთქმიდა ოთხთავე, ორთა და ორთა ტიროდა. მაღლად იზახდა ვაგლახსა, მართ ვითა ლომი ყვიროდა; თქვენის პირისა ჯავარი აღარა ლალდ, ჭვიროდა,” იტყვის:,,თუ მოვჰკვდე, რა მგამა, რადგან დამაგდე გმირო, და.”

656. ნურადინ-ფრიდონ მოსთქმიდა ორთავე მისთა ძმობილთა. უქებს სიუხვე ჯავარსა, ძოწ-მარგალიტთა წყობილთა; სისხლისა ცრემლთა ადენდა, უკლებთა, დაუშრობილთა. ავსებდა სიბრალულითა ყოველთა მუნ შესწრობილთა.

657. თინათინ, ნესტან-დარეჯანს კვლავ მოუთქვნა სინაზეენი, პირი მზისა უნათლესი, თმა გიშერი ვითა ტევრნი: “აწ ვაგლახ მე, ვით დამალეთ შუქთა სხივნი ბევრის ბევნი!” ჰი, ჰი ჩემთვის მოიწივნა საშინელნი მოსაწევრნი!”

658. ამასთანათა სიტყვათა გრძლად და გულ-მდუღრად ტიროდა: მერმე ადგა და ქვანიცა ტიროდეს, ასრე სულთქმიდა; ტაგრუცსა გაესალამა, ტანსა ძაძასა იცმიდა, თავსა ნაცარსა იყრიდა, არა გვირგვინსა ირქმიდა.