ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

681. ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან ვით გაგეგონების: მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების; თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების; ვარდი არ ქმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!

682. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახულად, რა ნასმენად: „ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად მენად, ქალი ახლავს სასურველად, სულთა-დგმად და ჭირთა თმენად; “ვაჲ, სოფელმან სოფელს-მყოფი ყოვლი დაჰსვა ცრემლთა დენად!”

683. ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა; იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა, რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

684. ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისა დასდვა, არ-დასაწვავისა, დრო დამიძს ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

685. ჰხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად; კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, – აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

686. მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერე ზდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა; ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

687. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ასე ლხინად უხდების, რადგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების!

688. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა, ჰხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა, ძებნა წამლისა მისისა – ცოდნა ჰხამს, უი იცისა – ჩემი სთქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მე ცისა?”

689. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა; თუ გეახლო, ერთხლ ვაჲ, და რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

690. ვაჲ, თუ გავიჭრე, გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სამ ალი! გული ჰძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისით-ღა სჩანს ნასამალი; ფარვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

691. მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ბრძანე; ვარდსა ქაცვი მოაპოვეს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე.”

692. ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი, ამაზედა ეუბნების, ვით გაზდელსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ჰქმნა მისი საწადელი; ღმერთმან ჰქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი.

693. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს ჰრგოს, მორწყოს, ახიოს! მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს, – ვაი, მოყვრისა გაყრილსა, ახიოს, ეყოს, ახიოს!

694. მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა; მზე სტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა; იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!”

695. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს. რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს; რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

696. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ჰქმნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემად თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკვირს თუ, გული ალმასი შავმან წამწამმან ჰდაღა რად? ვიდრე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

697. ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო, დამრგო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია; აწღა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”

698. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს, გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულ-თქმით, მიჰხრის ტანსა, მიაწარებს; საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვაჲ, საწუთრო ბოლო თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

699. ყმა მივიდა, საწოლს დასჯდა, ზოგჯერ სტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების; ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

700. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი, გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!