ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

701. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დაიდვა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

702. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი; ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი; ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

703. მეფე შესჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა, მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

704. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი, დასჯდა, დაჰხვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი.

705. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ღირსნი ახლოს სხდეს, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

706. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

707. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო; ცხადად ნახვასა არ ვღირსვარ, ნეტარმცა სიზმრივ გნახეო!”

708. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლავ გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღვთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.

709. კვლავ იტყვის: “გულო, რაზდენცა გვაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება; მაგრა დაჰმალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება: ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!

XIX დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა ვეზირის საუბარი და ხვეწნა

710. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დაცავფარე! დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!” ცხენსა შესჯდა, წამოვიდა ვეზირისა სახლსა მთვარე.

711. ვეზირმან სცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყვანი სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული. ჰხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

712. ყმა გარდაჰსვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან; ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან, სთქვეს: “ სუნნელი სუნი ვარდთა დღეს მოგვბერნა ქვენამ ბუქმან.”

713. დასჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ჰხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს. სულ-თქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს; გაყრა ჰბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

714. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების; იტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების, რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების.

715. მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს, შეზღვა ჰხამს შეუზღველისა; ჰხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

716. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაებადა; რადგან დასწვავს მუახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა; მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

717. ოდეს წამოველ, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლავ მოვალ, გნახავ პირითა, არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა.” ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

718. ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა; მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

719. რაცა გითხარ, ჩემმაგიერ როსტენს ჰკადრე, მიედ სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვეზირსა, უსტასრასა: არ შემიპყრობს, არ დავდგები; თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა ჰსრასა!