ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

642. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: “შენ ყველაკაი გაამე, მე ვერას ვერ ამებულმან: გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან; აწ წადი, ჰნახე შენი მზე, ნახვისა მოჟამებულმან.”

643. ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ მომეთმინების; თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების, მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების: შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

644. რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯისაცა შემტყვებარი; მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი; სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

645. რაცა გითხარ, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი; ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ ერთხელი, კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი; აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

646. იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო: ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

647. რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, მეცა ფიცით შეგიჯერებ, არასათვის არ გაგწირო, კვლავ მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო.

648. მან მიუგო: ”უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუ-მქარდი! ღმერთმან ჰქმნას და კვლავცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

649. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრას, არ ირმოს, არცა ითხოს; თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს, შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს, სევდა მითხოს!

650. ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი; იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყვარდათ ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი: მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

651. ავთანდილცა მასვე თანა სტიროდა და ცრემლი ჰღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, – რა ჰქმნას, ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

652. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა, მუხლთა უყრიდა, სტიროდა, თითითა ეხვეწებოდა, ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია სჭნებოდა; მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

653. ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა. ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუ სად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა, შეიგენით, მივცემივრ ჭირსა რასმე თანის-თანსა”.

XVIII ამბავი ავთანდილისა არაბეთს მიქცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა

654. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამოკლა; სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი გაამლოკლა; მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

655. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს; ჰნახეს, იცნეს, რაგვარადმცა ჰმართებთ, აგრე გაეხარნეს; შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლივ კაცთა თავნი არნეს: “მოვიდაო, აქანამდისი ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს!”

656. გაეგება, მოეხვია, ზედა დახვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლთა მღვრელი ველთა მსრველსა; ესე სთქვა თუ: “ნეტარ ღმერთო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა? მე ვით ვღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდეს მრთელსა!”

657. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა!“ დიდებულთა თაყვანი სცეს, აკოცებდა ვინცა ღირსა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუნდა მცირსა.

658. მოვიდეს, სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული, მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული, მაშინვე დასჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული; ენა მის დღისა შვებასა ყოლ ვერა იტყვის კრებული.

659. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული, ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული. ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული.”

660. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა; ცისკრად შესჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.