ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

518. “კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა! თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!”

519. “კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დაავედრეს : “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად”. მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად, გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”.

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

520. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მომართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

521. “შევჯე, წავე, ბაღჩას მივე, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით! ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

522. “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა. ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

523. “ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა, გულსა შუქი შემომადგნა, მაგრა გული არ დამიდნა.

524. “იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი, ებურა მოშლით პირ-ოქრო, მე მივეც რიდე რომელი, მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

525. “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული; მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

526. “მიბრძანა: “მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!” ვჰკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?”

527. “ვთქვი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?” კვლაცა მითხრა: “რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა? დიცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა!

528. “შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!

529. “გახსოვს, ოდეს “ჰაი - ჰაი-ს” ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსთა-ყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუვეთა ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს! რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

530. “ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთა ხარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!

531. “ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!”'' ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქნა, აჰ-ყო.

532. თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრევ ჭვრეტად. აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად? ვაჲ, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!

533. “შევჰხედე, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვჰკადრე თუ: “მზეო, დაგიწვავს, ჩემიცა დაწვი მზე ბარე, რათგან არ მომკალ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.

534. “რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია” მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქვიო”, თავი დამიქნია.

535. “კვლაცა ვჰკადრე: “მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს, მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს?

536. “მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ: “მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა”.