ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

556. “მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა; შინა წამოვე მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”.

557. ,,ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად დავჰმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: “ცრემლსა რასა ჰმილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი? გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!”

558. “შევედით, ვნახეთ წარბ-შერჭმით ბალიშსა ზედა მჯდომარე, მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე! ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე?!”

559. “მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი. უკუვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევ, აგრე ვითა დავძაბუნდი?” შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

560. “ასსა ვუბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით!” შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით.

561. “კარვის კარი ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე; ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

562. “ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი; წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!

563. “კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოველგან ლაშქარსა ყველასა: “აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა”. არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.

564. “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად, ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად; ებრძანა, თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

565. “ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე, ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”

566. “მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა? მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა, მე, თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!

567. “იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა–საჯდომია! — ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, — ყველაი თქვენ მოგხდომია: ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მოჰნდომია!

568. “ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ–მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას ჩემი ხრმალია?

569. “შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე! ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!”

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან–დარეჯანის დაკარგვისა

570. „ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

571. “გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანმცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ-ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

572. “იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით ვუხმე: “რას შიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?” მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა; მითხრა: “ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა”

573. ,,ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: “რას შიგან ვართ? თქვი მართალი!” კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი, დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

574. “მერმე მითხრა: “მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე? მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!”