ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

537. “მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა! არ იტყვის, თუ: “ ინდოეთი უპატრონოდ არ მომხდარა? ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არა-დ არა! ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?

538. “ვთქვი: “ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო”; თავსა ვუთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო! მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!”

539. “სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა, თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

540. “არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა! მე და შენ ვისხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”.

541. „მე ღმრთისაებრად მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული, ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ- გავსებული; ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ -ღირსებული; მეუბნებოდა, დამივსო ცეცეხლი ამითა გზებული.

542. “მიბრძანა თუ: “გონიერი, ხამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვაჲ თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!

543. “კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”.

544. “მე ვჰკადრე: “ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა! რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა, ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარას არ, სახმარობა!”

545. “მიბრძანა, თუ: “ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს, სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

546. “ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო” მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა ვითა, ვირთაო, — დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?

547. “იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა, ჰკადრე თუ: “სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!”

548. “ჩემი ყოლა ნურა გინდა — სიყვარული, ნუცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა, ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა”.

549. “ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა, მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.

550. “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”.

ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა

551. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსვლა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.

552. „მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია; კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.

553. “მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.

554. “მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სხვანია სპანია, შენ აქა ნახე, კმარიან იქა ნახვისად ყმანია”.

555. “მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა არს აღვსებისა, შეიქმნა გასვლა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.