ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

194. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია, მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟრენით მონაწყენია. გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

195. მობრუნვება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

196. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავს უგრძესითა. შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

197. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს; თქვა, თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს”.

198. ხელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, მათკე მივა მხიარული: ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული, თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული, ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

199. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ, ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”.

200. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბნარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

201. “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით, გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით, სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.

202. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენ თანა მესროლნი დავაწბილენით, მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით: “მე უკეთ მოვკლავ, მე გჯობო”, სიტყვანი ვავაქილენით, ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით.

203. “დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: “გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა, თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა”.

204. “ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასვლა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია, მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

205. “ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია, ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, — მერანი რამე შავია, — თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია, ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

206. “ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით, ვთქვით, თუ: “მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!” მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისაცა დენით.

207. “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალლეთ ჩვენ ნებით, მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

208. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა: არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

209. “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, “დადეგო!” ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

210. “მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!

211. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”. შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

212. აჰა, მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა, რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა. კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა, მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

213. უთხრა, თუ: ”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა, აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!