ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

156. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა, ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

157. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი; დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი, წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი, აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

158. “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე, მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

159. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, — იყავ მართ ვითა მთრვალია, — მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

160. “მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედ-რე, ნუ, თუ ადრე დამივიწყო, მახსენებდე ზედას-ზედ-რე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

161. რა შერმადინ მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოღვარა, მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.

162. “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო,” — ესე სიტყვა ვით მიბრძანე? რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს ორნივე დავიკარგნეთ, წამოგყვები, წამიტანე!”

163. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვართა დასაჭრელად.

164. “ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგ -ა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა! კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

165. “განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოება ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი; წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

166. დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადილსა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

167. “მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა: თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

168. “საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

169. “მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდსა არა, არ აჭნობდეს, შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

170. “თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი, ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.

171. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

172. ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინ-ა.

173. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინცა წაეკიდა! მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.

174. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკთალეს, მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.