ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

334. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყჳ მას წინაშე გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა

335. მოსრნის მჴეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან რეულმან მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ ბალახშეულმან

336. მამა მამიკვდა მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი დაჰლევდა მტრისა შიშისა ერთგულთა შეჰქმნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა

337. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯექ საწუთრო გაცუდებული დღისით და ღამით ვაებდი ვერვისგან სულ დაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუ ხარ შავითა ღებული

338. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე ებრძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საურავისა შენ გქონდეს ამილბარობა ქმნა მისვე საურავისა

339. ავენთი დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტელთა უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა გამოსლვისათვის ზეიმი შეჰქმნეს ინდოეთს მფლობელთა შორს მამეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა

340. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატივი მცეს ძისა დარად მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მომეშვნეს დავმორჩილდი თაყვანისვეც ამილბარად

341. აღარა ვიცი დამვიწყდეს თუცა დიადი წელია გიამბო ჩემი ანბავი განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქნელია მისთა ნაკვეთთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია

აქა ამბავი ტარიელისა პირველად გამიჯნურებისა

342. კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან რა ხანნი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ხელი ხელსა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გვიკვირა

343. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

344. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ჰხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა

345. ვიცოდი ჰსწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვსდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვჰხედევდი ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამილბარისა

346. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარეთ ვჰსდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედენ ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვა ცეცხლითა დაგულსა ვაჲმე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა

347. აწ წახდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გაჰსძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ჰსტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით ჰსთქუჱს მკლავნი ცუდ ქმნილნი ვაი გმირთ მემუქარენი

348. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხანს ვერა ჰსთქუა სევდამან გული შეუკრა დარია დაჰსჯდა და მწარედ სულთ ითქვნა ცრემლი მიწათა გარია ჰსთქუა ჩემგან მისი ხსენება ვაიმე რა დიდი ზარია

349. მიმდომი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

350. დურაჯნი მთხოვეს გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა და ვისა აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

351. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედ დამჰსტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ხელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხეს სენითა მთქვეს გამაბელზებელითა

352. მე რა მნახა თვალ ახმული მეფე ყელსა მამეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა გავეც ვითა შმაგი შევკრთი დია კვლა დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია