... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

196. თუმცა მჴეცქმნილი ავთანდილ, გულამოსკვნით და კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის, ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავუგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა

197. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს ექუსნი რამე ცხენოსანნი, ნახა მისკენ მოვიდოდეს თქვა თუ ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი, კულავ ყოფილა არაოდეს

198. ჴელთა ჰქონდა ისარ მშვილდი, მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა, ძმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას გლახ სული

199. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამსგავსენ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი, გვიშველე რა ცეცხლნი ავსენ ვერა გვარგო მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსე სატირელნი მოგვიტირენ, ღაწუნი შენცა დაიმხავსენ

200. ავთანდილ მიდგა ეუბნა, მათ კაცთა გულმდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქვს ციხექალაქი, ხათაეთს არემარეთა

201. კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით ვჰჴოცეთ მხეცი უსაზომო, მინდორით და მთით და ქედით

202. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა, მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე, ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო, სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით

203. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა ვჰთქვით გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვეხალნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა თჳთ დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა

204. ჩვენ ვიახლენით სამთავე, სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასლვა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია დავჰხოცეთ მჴეცი მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია

205. ანაზდად მოყმე გამოჩნდა, კუშტი პირგამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მსგავსი შვენება, კაცთაგან უნახავია

206. უჭურიტეთ მისთა ელვათა, შუქნი ძლივ გავიცადენით ვქვი თუ მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით» მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით, მით ვართ ცრემლისა დადენით

207. მე უხუცესმან უმცროსსა, კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემმა შედეგმან ტაიჭი, მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევა, გვითხრა უალლეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე, წყნარად მივა და შვენებით

208. უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა დადეგო, ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ჴრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით

209. მით ერთითა მათრახითა, თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი, მოამდაბლა აამიწა თვალთა წინა წაგვივიდა, ლაღი კუშტი ამაყი წა

210. აღარ დაბრუნდა წავიდა, წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს, მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი, მისი მის მზისა მარებლად

211. აჰა მიჰხვდა ავთანდილსა, ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა, მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს უნდა პოვნა მაშინ მისგან აღარა ჰჴამს, გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

212. უთხრა თუძმანო ვარ ვინმე, ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად, მოვჰშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა, ყოლა არ საადვილოსა ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს, თქვენსა დასაღრეჯილოსა

213. ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღმერთი ნურას იქმს, ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი, მიდითო ნებანებასა ჩრდილსა გარდასვით მაშვრალნი, მიეცით მოსვენებასა

214. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი, მისითა მან მიზეზითა

215. მიეწურა იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან, შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან, ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა, მოიძულოს მოიძაგოს