... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

216. რადგან ისი არის სადმე, უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს, საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით, ერთმანერთის ცემაჟლეტად ანუ მოვჰკლავ ანუ მოვკლავ, დაიმალვის მეტისმეტად

217. ავთანდილ იტყვის ეზომნი, ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნითგან ვძებნე წამალნი, ჩემნი არ დასამრუდენი

218. წინაუკანა იარეს, ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი

219. დღისით ვლეს და საღამოსჟამს, გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა ,შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდრუან თვალუცდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი

220. მან ყმამან ქვაბსა მიმართა, განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა, მივა ცრემლმინადენია

221. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა, ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა

222. ყმამან უთხრა დავო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ხელნი, იკრნა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ქალი შებნდა მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწმიდეს

223. იგი ტევრი გაეხშირა, დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოჰსთქმიდიან, ხმა სცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ სჭვრეტს განკვირვებით, მათსა ეგრე ქცევაზმასა

224. სული დაიღო მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰჴადა აკაზმულობა მას ყმასა შეჰხსნა შეიღო, აბჯრისა წელმორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა, გარდახდა გამოსრულობა

225. ავთანდილს უკვირს ამბავი, ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა შეჰკაზმა მოაქვს აბჯარი ,წყნარად არ რამე ჩხერითა

226. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასე ჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ ისრე დაღრეჯილი, კულავ უფრორე დაიღრეჯდა

227. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა, სახე მისივე კაცისა ულვაშაშლილი წვერგამო, ნუ თუ მზეაო თქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა

228. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა, თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღმერთმან ესე საქმე, მეტად კარგად მომიგვარა

229. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან, სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა, ამბავი ვაამბობინო ჩემიცა უთხრა ყველაი, მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ჴმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო

230. ჩამოვიდა ცხენი ახსნა, მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა, ქვაბი დახვდა კარგახმული მუნით ქალი გამოიჭრა, გულმდუღარე ცრემლდასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო, პირი ვარდი ბროლბაკმული

231. ვერ იცნა სახე არ ჰგვანდა, მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა, ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა, ვითა კაკაბი მახესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ,ზახილსა მუნ ერთსახესა

232. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა, ქვეშე მი და მო წრწებოდა ტარიელს ვისმე უზახდა, მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა

233. ეტყოდა სულე რამც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი უფეროქმნილნი მინახვან, ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის, ტანსარო პირბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი

234. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ, შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა, მნუკევ ადვილად თხრობასა ცუდათ ნუ სცდები ნუ ელი, მაგა ამბვისა მბობასა

235. კულავ ეტყვის ყმაო რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქმს, ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ იტყვი მითხარო, მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა