... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

335. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივ მცემდეს ძისა დარად მის ხელისა საურავი, მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა, წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მომეშვნეს დავმორჩილდი, თაყვანის მცეს ამირბარად

336. აღარა ვიცი დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი, მიწყივ ავისა მქმნელია მისთა ნაკვესთა წინწალი, დამეცეს ხანგრძლად მწველია

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომე გამიჯნურდა

337. კულავ დაიწყო თქმა ამბისა, მან რა ხანი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე, მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ, ჴელი ჴელსა დამიჭირა მის ჟამისა მჴსენებელი, მე სულდგმული არ გვიკვირა

338. ბაღჩა ვნახე უტურფესი, ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა, უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები, ვარდისწყლისა აბანოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა, ფარდაგები ოქსინოსა

339. მეფემან ახმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა გამოუხმენ და წავედით, ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდაჴდა, მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ჴამს ლახვარი, ლახვრად გულისა სალისა

340. ვიცოდი სწადდა არვისგან, ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან, შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ხმა, მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა, დურაჯთა ამირბარისა

341. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედენ ლაჴვარი, მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი, მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა ვაიმე მას აქათ საჴმილსა, დაუწვავ ნიადაგულსა

342. აწ წაჴდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი მის ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილან, ვაი გმირთა მემუქარენი

343. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან, გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარეთ სულთ ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება, ვაიმე რა დიდი ზარია

344. მიმდონი საწუთროსანი, მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ, ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან

345. მიმდომი საწუთროსანი, მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ, ბოლოდ ვერ დაურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან

346. დურაჯნი მივსცენ გავიღე, სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიჴდა, ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოვე შემესმა, ჴმა ტირილისა და ვისა გარე მომრტყმოდა ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა

347. შიგან ვსწევ დიდთა დარბაზთა, ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი, ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ჴელითა, ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა, მთქვეს გამაბელზებელითა

348. მე რა მნახა თვალახმული, მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო, ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა უთხარ, ვითა შმაგი შევკრთია კულავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია

349. სრულნი მუყრნი და მულიმნი, მე გარე შემომცვიდიან მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან მტერდაცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

350. აქიმნიცა იკვირვებდეს, ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია

351. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ, მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი

352. ვჰსთქვი თუ ღმერთო ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა ამადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქნა და მორევსჯობდი, გული წყლული გავარკინე

353. ზე წამოვჯე მეფისაგან, კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო, დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავშიშველი, არ იცოდა რას იქმოდა იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა