... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

98. შეუპყრივარ კაეშანსა, რადღა გამხსნი მისგან კრულსა ესე მონა დაგვიხოცე, მოგაბარებ ამათს სულსა სრულად სპანი მომიზახნე, ვერა მნახავ დაჭირულსა მიჯნური ვარ გამირისხდი, მე გატკივებ ამით გულსა

99. მეფე გასწყრა გაგულისდა, მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის, არ უჭვრიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა

100. შესხდეს მეფე და ავთანდილ, მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი, მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად შეიგნა მისლვა მეფისა, მისად უკანა მდეველად

101. რასცნა მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს, კვალსა მისგან წანარბენსა

102. კვალი ძებნეს და უკვირდათ, ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვალწმიდად წარჴდომა, კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო, მიზეზი ლხინთა ლევისა

103. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა, აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა, სიმწარითა დანაღვლება სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალუც განკურნება მასვე მადლი ასე იყო, წადილი და მისი ნება

104. ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა ზოგთა თქვეს თუ მართალია, ზოგი ღმერთო უზრახვიდა

105. მეფე საწოლს შემოვიდა, სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

106. თინათინს ესმა მამისა, ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იჴმო უბრძანა, ძილია თუ უძილობა მან მოახსენა დაღრეჯით, ზის სჭირსო ფერშეცვლილობა

107. ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყოთქო, აქა ერთითა წამითა

108. ხანი გამოჰხდა იკითხა, ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა, აწყაღა ფერნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა, წინაშე მომავალიო

109. უბრძანა თუ წადი უჴმენ, უმისობა ვით გავძლეო მოახსენე რად დაბრუნდი ,შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო

110. თინათინ ადგა მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე, მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნებანებასა უბრძანა მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა

111. ქალმან ჰკადრა ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი, მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

112. უბრძანა შვილო რაზომცა, მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიცოცხლე, ლხინადვე დამისახია მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია ვეჭუ რა სცნა შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია

113. უცხოსა და საკვირველსა, ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა, სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდით, ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი წავეკიდე

114. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო თუ მეოცნა

115. ტკბილნი მისნი წყალობანი, ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდეს რაცა დღენი ,მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს

116. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ, მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი, ანუ ღმერთსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა, ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსა

117. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან, მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობ არის იგი ყმა, შობილი თუ უშობელი