... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

79. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი სდის, და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვრალნი ორნივე, მოსწყდეს რაზომცა მხნენია

80. ერთმანერთსა თუ მე გჯობო, სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს ლაშქარნი, რომელნი უკან ჰყვებოდეს უბრძანა თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

81. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ, და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით, შენსა მაგისა დარებით აწეცა დაგვხოც ვერა ჰგავ, ვერათ ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავს, მჴეცნი ვერ წაღმა წარებით

82. ორთავე ერთგან მოკლული, ყველაი ათჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა, უფროსი დაუხოცია არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა, დასვრილი დაგვიხოცია

83. მეფესა ესე ამბავი, უჩს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე, მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა, გულით ამოსლვა დარდისა

84. იგი ორნივე საგრილად, გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შეჰქნეს მოდენა, მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს, წყალსა და პირსა ტყეთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსანისა

85. ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა, ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ჴშირად ესხა მარგალიტი, ლაგამაბჯარუნაგირსა ცრემლთსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა

86. მას ტანსა კაბა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე, იყო სარქმელი თავისა ჴელთა ნაჭედი მათრახი, ჰქონდა უსხოსი მკლავისა ნახეს და ნახვა მოუნდათ, უცხოსა სანახავისა

87. მონანი მოდგეს ჩვენ ვნახეთ, უცხო რამ სანახავისა სტირს ვინმე ღაწვი ვარდისა, ზღუა უღელავ ნავია ვეშპის ოდენი ცხენი ჰყავს, ლამაზი რამე შავია რას შეიტყობის იმისგან, ჩვენთან არა აქვს ზავია

88. მეფემან ბრძანა ვინარის, უცხო პირად და ტანადო უბრძანა ერთსა მონასა, წადი ფიცხლად და ჯანადო უთხარ გიბრძანებს ვინახარ, ჩემთა ლაშქართა თანადო ვერ გიცნობ მოდი აწ ჩემთან, შენ ჩვენგან მონაყვანადო

89. მოვიდა მონა საუბრად, მის ყმისა გულმდუღარისად თავჩამოგდებით მტირლისა, არ მჭვრეტთა მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად ახლოს მივიდა მოსცალდა, სიტყვისა თქმად აღარისად

90. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა მოაჴსენა გიბრძანებსო, ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი სტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა

91. მის მონისა არა ესმა, სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ზახილისა, იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნოდა, გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის ვითა ნაგუბარი

92. სხვაგან ჰქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება, ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთად, თავი ვარდისა კონამან

93. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა როსტანს ჰკადრა შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ და

94. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა, გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ჴელთა აიღეთ, აბჯარი თქვენ საომარე მიდით აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე

95. მონანი მიდგეს მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულმდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვაიმეო, სხვად არას მოუბარია

96. თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ჴრმალკაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა, საუბარნი რად იყურნა სხვასა მჴარსა გაემართა, მათი ჭირი არ განჰკურნა

97. მონათა ჴელი გამართეს, მის ყმისა შესაპყრობელად მან იგინი გლახ დახადნა, მტერთაცა საწყალობელად ჰკრა ერთმანერთსა დაჴოცნა, თავსა ხელაუპყრობელად ზოგთა გარდაჰკრის მათრახი, მკერდამდის გასაპობელად