... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

236. ქალო არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნი ხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიანბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

237. ქალმან უთხრა რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების, თვრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიანბობ, რაცა გინდა იგი ქენო

238. კულავცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა ,მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა

239. ეგრე უთხრა მე ეზომი, ჯავრი ვითა შეგარჩინო რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი, მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღმერთმან მტერი ჩემი, მოკლას ვითა მოგაკვდინო

240. ქალმან უთხრა ეგე ღონე, მოიგონე მატად ავი თუ არ მომკლავ არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა, ვიყო ჭირთა უნახავი კვლა თუ მომკლავ სასაუბროდ, აღარ მედგას ზედა თავი

241. კვლავ ეტყვის ყმაო რად მპოვე, ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა, ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა, ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო

242. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა, სიტყვანი მისანდონია

243. ყმამან თქვა თუ არ ეგების, აწ ამისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე, აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა

244. ქალი დაუჯდა კუშტგვარად, ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოჰგუბდა, ცრემლისა საგუბარია კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულნალმობარია

245. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი, ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლდენილი შეეხვეწა, ადგა მუხლნი მიუყარნა

246. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასადობლად გაგარისხე დაგრჩომივარ, ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი, დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება, შვიდგზის თქმულა შესანდობლად

247. თავი ჩემი სამსახურად, თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება, ჰჴამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათჳს, სხვა მეტიმცა რა გამონე

248. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან ,მიჯნურობისა ხსენება გულამოხვინჩვით დაიწყო, ასკეცად ცრემლთა დინება კვლა გაამაღლა ზახილით, ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღმერთმან წადილი, მისცა გულისა ლხინება

249. იტყვის თუ ამა სიტყვითა, მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ცხელი უცილოდ, მას ცრემლი ემალმალების კვლა უთხრა დაო მიჯნური, მტერთაცა შეებრალების ესეცა იცი სიკუდილსა, თვით ეძებს არ ეკრძალების

250. ვარ მიჯნური ჴელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა ,საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხვდების, მე მისრულვარ სადა მი სად გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა შენი მისად

251. მისი სახე გულსა ჩემსა, ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ, ტყვე მქმენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე

252. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა, პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე, დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა, გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი

253. მაშა რადგან მიჯნურობა, შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით, თუმცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვკვდე ამისებრივ, მემცა საქმე რა ვიღონე

254. აწ რაცა გითხრა თუ ამა, საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები

255. ყმამან უთხრა ეგე საქმე, ამას ჰგავსო არა სხვასა ორნი კაცნი მოდიოდეს, სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა, ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაჰყიოდა, ტირს იძახის ვაგლახვასა