... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

158. ლაშქრობა და ნადირობა, შენი ჩემსა დაასახე აქა სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე

159. მაშინღა ჰკადრე მეფესა, არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთრვალია მიხვდათქო საქმე რომელი, ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიე საჭურჭლე, ოქრო ვერცხლი და თვალია

160. მაშინ უფრო მამეჴმარე, ამისგანცა უფრო მხედრე ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდი ზედაზედრე მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე

161. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა შეეზარა თვალთა ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარდმოღვარა მოახსენა უშენომან, გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა

162. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, ესე სიტყვა ვით მიბრძანე რაგვარა ვჰქნა პატრონობა, რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები წამიტანე

163. ყმამან უთხრა მამისმინე, მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მოხუდეს, უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე, ჴამს ლახვრისა დასაჭრელად

164. ვისმცა უთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა, ვის მივანდო ვინ ქნას კარგა სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულავ ნუთუმცა შემოვიქცე, ღმერთმან სრულად არ დამკარგა

165. ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს, მცავს მე თუცა ცისა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე ,მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა

166. დაწერა თუ ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა, მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

167. მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ გიწერ მა რასა თვით ვიქმ ჴელითა ჩემითა, ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივე, გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ, ჩემსა მშვილდსა და ცერასა

168. საქმე მიც თავისა ზე, სადმე გარდსახვეწელი დავჰყო მარტო და ღარიბად, ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო, მტერთაგან დაულეწელი

169. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს სიკუდილსა და სიცოცხლესა, სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდსა სადმე არ აჭნობდეს შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა დაადნობდეს

170. თქვენცა იცით გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით, არს ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ, ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს არ სიცილი

171. ესე წიგნი გაასრულა, წყლიანმან და სიტყვანაზმა წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო, ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა

172. ბრძანა წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლათ, მისი მკვლელი თინათინა

173. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა ვინცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა, ტვირთად ვარგად გაეკიდა

174. რა ლაშქართა ინადირეს, და პატრონი მოითვალეს იგი პირმზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა, სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს

175. ღმერთი ლომო შენად ნაცვლად, სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგნით სხვათა, მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულმოკლულნი, ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს

176. შერმადინ ერთგან შეყარნა, ხასნი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი, დარჩა გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო, გული უცრემლო ულები