... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

118. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს, ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა, თავიმცა რად დაჰრიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა, ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

119. კაცნი წავიდეს იარეს, მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია ვერცა თუ ნახეს ნახული, ღმრთისაგან დანაბადია ცუდათ მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია

120. მონათა ჰკადრეს მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა, კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი, სხვანი რამ მოიგვარენით

121. მეფე ბრძანებს მართალ იყო, ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა, სიცრუვე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული ,გარდმოჭრილი ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო

122. ესე თქვა და სიხარულით, თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი, უხმეს პოვეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგავსი სიუხვითა, ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

123. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მის წინაშე, თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო, ტანი ალვა პირი მანგი

124. ავთანდილს მიხვდა მოსმენა, საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა

125. ავთანდილ ლაღი უკადრი, მივა არვისგან ჰრცხვენოდა მას ნახავს ვითა ვამთაგან, უკუნი გარდაჰფენია იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად ჰშვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან, უკუნი გარდაჰფენოდა

126. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს, ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს, გრძლად თმანი არ უხშირონი

127. დაღრეჯით იყო მჯდომარე, ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა, წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა პირსა უჭვრეტდა პირისპირ, სავსე ლხინითა დიდითა

128. ყმამან ჰკადრა საზაროსა, ჩემგან თქმაღა ვით იქმნების მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის დაცაჭკნების აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების

129. ქალმან უთხრა საუბარი, კეკლუც სიტყვად არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის, ჩემგან შორს ხარ დანამჭირად გიკვირს მოგხვდა წამის ყოფად, საქმე შენგან დასაჭვი რად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად

130. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს, მინდორს მხეცი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან, მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა

131. აქანამდის ნაუბარსა, თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყვარული, შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად, თვალთათ ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია

132. ასრე გითხრა სამსახური, ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ჴარ ჴორციელი, არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია არ ნაჭორად წა და იგი მოყმე სძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად

133. შენგან ჩემი სიყვარული, ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო, ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა, შეგეყრები შემეყარე

134. სამსა ძებნე წელიწადსა, იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი კოკობი და უფრჭვნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი

135. ფიცით გითხრობ შენგან კიდე, თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი

136. მოახსენა ყმამან მზეო, ვინ გიშერი აწამწამე სხუა პასუხი რამცა გკადრე ,ანუ რამცა შევიწამე მე სიკუდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად, გაღანამცა წავე წა მე

137. კულავაცა ჰკადრა აჰა მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი, მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე, წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფადა