ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

1970. უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო; დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო: ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.

შინ მისვლა ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისაგან და ქორწილი მათი

1971. დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა, ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა, მოიშორეს კაეშანი, გული მდედრი აქვითკირა, გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

1972. დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა; დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა; ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა, ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა”.

1973. ტახტსა ზედა ერთად მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვილი; გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი! რამცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!

1974. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი — შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი

1975. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; “ესეაო მეფე ჩვენი”, — იზახდიან, ამას ხმობდეს.

1976. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1977. სმა, პურობა, გახარება ქნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს.

1978. დედოფალმან ეგრე ბრძანა: “ობოლ-ქვრივნი მოასხენით: ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით”; თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით, “ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შევედრენით”.

1979. ტარიელ თქვა: “დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა: “შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა; ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა, ღმერთი ალხენს მონანულსა, მოცთომილსა ცრემლ-ნადენსა”.

1980. დედოფალმან ლმობიერად “შევუნდობო”, ესე ბრძანა; მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა; ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა– ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა.

1981. ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად, ყოვლგან იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად; ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღიან უკითხავად, მანდატური არვის სცვიდის, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად.

1982. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი: “სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვ რიდი”; თვითოს კაცსა თვითო ჯორი, მარგალიტი ანაკიდი, ესე მისცა საბოძვარი, სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.

1983. ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს! ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს! რაცა იდვა, უკეთესსა დედოფალი არ დამალავს, მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა მალავს.

1984. სრულნი ჰინდონი ავთანდილს და ფრიდონს ღმრთად ხადოდიან; “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1985. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია; უბრძანა: “ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია”; მან თაყვანი- სცა, პირისა ქვე მდაბლად დამდებარია, წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია.

1986. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ჰინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1987. “ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან არის ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?”

1988. მოახსენა: “ხელმწიფეო, ვიკადრებ და ნუ გაწყრები: თუ ხმელეთი სრულად მქონდეს, ვერცა მაშინ გაგეყრები, მე მეყოფა შუქი თქვენი, ვარ მზის ეტლთა შენასწრები, ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, არცა სხვაგან ვიარები”.