ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1716. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა სიყვარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა არა ეგების თქმა არცა ნაათალისა თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა

1717. კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე მსგავსი მათისა ბედისა ათასი თვალი ნაშობი რომანულისა დედისა კვლა მარგალიტი ათასი მართ ვითა კვერცხი ტრედისა ათასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა

1718. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული ცხრა ტაიჭი ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული ჰინდოთ მეფე თაყვანი სცემს ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად თუცა იყო ღვინოსმული

1719. რას ვაგრძელებდე გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი თამაშობდიან არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი

1720. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოელად ავთანდილ როსტანს წინაშე მიგზავნა დასათხოელად შესთვალა შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოელად მტერთა აქვს ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოველად

1721. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან ხელოვნებამან ვეჭუ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი ინებოს ღმრთისა ნებამან

1722. როსტევანს ეთქვა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით გასჭვრეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყვესწადით ლაშქრითა დიდითა თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა

1723. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები მან უთხრა გაე ნუ უბნობ შეცევ ბროლისა ყორები ახალ შეყრილსა მთვარესა მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა შენგან არ მოვიღორები

1724. არ დია გინდა დამაგდო წახვიდე ჩემად მზრახავად ცოლი უყვარსო გამწირა იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახავად კაცსა მოყვრისა გაწირვა ახ მოუხდების ახ ავად

1725. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან წამომყევ დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევსა

1726. შეყარნა სპანი არაბეთს აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი ყველაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველჭმულია

1727. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დადფიცნი სიტყვისა გამონდობილნი მკერდითა მკერდსა შეკრულნი ყელისა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი

1728. მთვარე ცისკრისა ნიავსა რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭურეტლად მჭვრეტელმან ხამს თავი იქედგოროსა

1729. მათთავე სახედ რომელსა ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე არა თუ ნებით სწადიან ვარდსა წებვენ და აპობენ ტირან და ცრემლნი ჩასდიან მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან

1730. ნესტანდარეჯან თქვა ნეტამც ყოლე არ შემოგცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მაცნევდი წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარვარ აგრე შენ ჩემთვის ჰბნდებოდი

1731. თინათინ უთხრა ჰე მზეო შენთა მჭვრეტელთა ლხინებო რადმცა გაგწირე თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო

1732. კვლა აკოცეს ერთმანერთსა გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიტნა ყოლა თვალნი იგი იჭვრეტს უკუღმავე ედებოდეს ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი

1733. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქვაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით ფიფქი ნასდების თხელდების

1734. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით

1735. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა ყოლა არ მიჩნდეს სალა მე