ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1793. რა გარდახდა მცირე ხანი ჟამი იქნა გარდასრულად დიდებულნი ეთაყვანნეს ერთობილნი ადგეს სრულად იგი მზენი მიეგებნეს მოეხვივნეს გულისგულად აკოცეს და მოიკითხეს თავისთავის თვითეულად

1794. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება ტარიელ თქვა დედოფალო გჭირს ამათი არამცნება ესენია მხსნელნი ჩვენნი აწ არა გვცალს გრძლად უბნება ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება

1795. ადგა და ქალაქს შევიდა თვით გარდახდეს სრასა მათსა ერთსა ბრძანებს დედოფალი მართ სიტყვასა ვითამ ათსა ღ~თნ მოსრნა მტერნი ჩვენნი ვერ დავცემენ ყოლ შამათსა ამად შევიქ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა

1796. უბრძანა გლოვა გახსენით ქოსწინწილასა ჰკარითო დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო იცინოდით და იმღერდით ნუ ცრემლი აწანწკარითო

შინ მისვლა ტარიელისა და ნესტანდარეჯანისაგან და ქორწილი მათი

1797. დედოფალმან მათ ცოლქმართა თვითო ხელი დაუჭირა ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა მოიშორეს კაეშანი გული მდედრი აქვითკირა გლოვა ცვალა სიხარულად აღარავინ აატირა

1798. დედოფალმან შეიმოსა შავი ძაძა აიხადა დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა ბრძანა ჭირი დავივიწყოთ რადგან ლხინი დაგვებადა

1799. ტახტსა ზედა ერთად მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეფერობდეს ქალი ყმისა შესატყვილი გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი რამცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი

1800. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი

1801. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა კრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ხმასა დაატკბობდეს მისცე კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი იზახდიან ამას ხმობდეს

1802. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხდეს ხელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღ~თნ სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყველაკასა გაუცხადნეს

1803. სუმა პურობა გახარება ქნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა ხამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ორთავე თავისთავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს

1804. დედოფალმან ეგრე ბრძანა ობოლქვრივნი მოასხენით ყველაკაი დაამდიდრეთ საბოძვრითა აავსენით თვით უბოძა უსაზომო რომ არ ითქმის კაცთა ენით ულოცეთო დღეგრძელობა ესე ღ~თსა შევედრენით

1805. ტარიელ თქვა დედოფალო გკადრებ ერთსა მოსახსენსა შეიწყალე რამაზ მეფე მიავალე ღ~თსა შენსა ვნახე მეტად შემებრალნეს შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა ღ~თი ალხენს მოცთომილსა მონანულსა ცრემლნადენსა

1806. დედოფალმან ლმობიერად შევუნდობო ესე ბრძანა მოიყვანა რამაზ მეფე ხელმწიფეთა ათაყვანა ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა

1807. ოქრო თვალი მარგალიტი შვენიერი სანახავად ყოვლგნით იდვის ვითა გორი მოდის ველთა მოსარწყავად ვისცა სწადდის ალაფობდის წაიღიან უკითხავად მანდატური არვის სცვიდის ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად

1808. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი სტუმარნი ხართ შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვ რიდი თვითოს კაცსა თვითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი ესე მისცა საბოძვარი სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი

1809. ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა ენა ამად თავსა კრძალავს რაცა იდვა უკეთესსა დედოფალი არ დამალავს მათ უხმობდა მხსნელად მათად ტკბილად უჭვრეტს არა მალავს

1810. სრულნი ჰინდონი ავთანდილს და ფრიდონს ღმრთად ხადოდიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან რაც სწადდის მას იქმოდიან სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

1811. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია უბრძანა ხარკსა მოგვცემდი მართ ვითა შენი გვარია მან თაყვანი სცა პირისა ქვე მდაბლად დამდებარია წავიდა მისი მლოცველი არ ომთა მომკვეხარია