ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1571. ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა: “არ დაგჴოცსო, შეგიწყალნა”, ყუელაკაი დალოცვიდა; ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ბევრი ამას მოზრახვიდა: “მოვიდა იგი მოყმე, რომე ერთი ბევრთა სურიდა”.

1572. მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, — აალამიან. ვერ გამოენდვნეს ჰინდონი; თქვეს, თუ “ღალატსა ჰლამიან”, არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

1573. ტარიელ მიდგა, უყივლა: “მე მოველ მეფე თქუენიო, თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო, ჩუენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო, გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო”.

1574. მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია, სრულად მჭვრეტლითა აივსო ზღუდე და ბანის- ბანია; ჴმა მაღლად ხმობდეს, იზახდეს: “მოგვშორდეს სალმობანია, აქამდის რისხუა მაღალმან აწ მოგუცა წყალობანია”.

1575. კარნი გაახუნეს, გამოჩნდეს, მოიხუნეს მათ კლიტენია; ერთობ ფლასითა მოსილნი მათ მზეთა ზედ მჭურეტენია; ტირან ორნივე ქალ ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია, ზახილით თავსა იგლეჯდეს, ყორნის თმა ბროლსა ტენია.

1576. ვითა გამზრდელსა მართებდა, გაზრდილი ეგრეც ხელია; რომე სდის ცრემლი თუალთაგან ცეცხლი უფრო ცხელია; თავსა იგლეჯს და იზახდეს, ტირს მეტად გულ ფიცხელია, გიშრისა ტევრსა მოფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

1577. რა ნახნა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია, კულა დაიზახნა ტარიელ, უფროსნი დანაკივლნია; სისხლი და ცრემლი თუალთაგან სდის და მიწყობით მილნია. მოვიდეს, ყელსა მოეჭუდნეს, ვითა ძმანი და შვილნია.

1578. დიდებულნი მოეხუივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; ქალი დაბნდა, მამისათუის ტირილიცა ვერ შემართა, ვარდსა შტონი შთამოსცუივდეს, ზე ვერავინ წამომართა, მუნა კაცთა ვერ ვხედევდი გაცინებით მოღიმართა.

1579. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად; უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო”, ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად: “ღმერთმან რისხუა მოაქცია წყალობისა გამოსახვად, გუმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გუცალს გლოვა ახვად.

1580. ტარიელ ზედა მოიჭდო მჴურვალთა ცრემლთა მდენელმან; იტყუის თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწუა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან, თქუენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან”.

1581. ქალმან დედასა შესტირნა: “ჰაი, მე რა ვქნა, დედაო! წითელ ყუითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დასცალა, აღარ სადა ზის ზედაო!” დედამან ცრემლნი მოსწურნა,ეტყუის: ,, დადუმდი, ბედ-აო”.

1582. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გაჴდა ალვისა მთხელები, დარეჯანს ეტყუის: “რაღა ვთქვათ სიტყუები ბედით ხელები? ჩუენ ყოვლთა გუმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები.

1583. რა გარდაჴდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად; დიდებულნი ეთაყუანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხუივნეს გულის გულად, აკოცეს და მოიკითხეს თავის თავის, თუითეულად.

1584. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქუა: “დედოფალო, გჭირს ამათი არა მცნება, ესენია მხსნელნი ჩუენნი, აწ არა გუცალს გრძლად უბნება, ამათგან გუაქვს ჩუენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება

1585. ადგეს და ქალაქს შევიდეს, თუით გარდაჴდეს სრასა მთასა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყუასა ვითამ ათსა: “ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩუენნი, ვერ დაგუცემენ ყოლ შამათსა, ამად შევიქ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.

1586. უბრძანა: “გლოვა გაჴსენით, ქოს წინწილასა კარითო; დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩუენით კარითო: ნახლები თქუენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა

1587. დედოფალმან მათ ცოლქმართა თუითო ხელი დაუჭირა, ზედა დასხმა მეფისასა ტახტსა ერთგან გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქუიტკირა, გლოვა ცუალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

1588. დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიჴადა; დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა; ყუელაკაი დამოსა და საბოძუარი უდიადა, ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგუებადა.

1589. ტახტსა ზედა ერთად მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეფერობდეს, ქალი ყმისა შესატყუისი; გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი! რამცა გვანდა ჴორციელი სოფელს შვილი ადამისი!