... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

20. შაირობა პირველადვე, სიბრძნისაა ერთი დარგი საღმრთო საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი კვლავ აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი

21. ვითა ცხენსა შარა გრძელი, და გამოსცდის დიდი რბევა მართ აგრევე მელექსესა, საუბართა ტკბილთა ფრქვევა მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა მარჯვედ ქნევა რა მისჭირდეს საუბარი, და დაუწყოს ლექსმან ლევა

22. მაშინღა ნახეთ მელექსე, და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული, არა ქნას სიტყვამცირობა ჴელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა

23. მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი ორი თავი ყველა ნუ ჰგონია, მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი, უმზგავსო და შორიშორი მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი

24. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა ვამგზავსე მშვილდი ბედითი, ყმაწვილთა მონადირეთა დიდთა ვერ მოჰკვლენ ჴელად აქუსთ, ჴოცა ნადირთა მცირეთა

25. მესამე ლექსი კარგი არს, სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოთ, ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად

26. ჴამს მელექსე ნაჭირვებსა, მისსა ცუდად არ აბრკმობდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოველსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს

27. ჩემი აწ სცანით ყოველმან, მას ვაქებ ვინცა მიქია ეს მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია იგი არს ჩემი სიცოცხლე ,უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფრქვევით, ქვემორე მითქვამს მიქია

28. ვჰსთქვა მიჯნურობა პირველი, და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო, გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა ვინცა ეცდების თმობათა ,ჰქონდეს მრავალთა წყენათა

29. მას ერთსა მიჯნურობასა, ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშვრების მსმენლისა, ყურნიცა დავალდებიან ვთქვენ ჴელობანი ქვენანი, რომელნი ჴორცთა ხვდებიან მართ მასვე ჰბაძვენ თუ ოდენ, არ სიძვენ შორით ბნდებიან

30. მიჯნური შმაგსა გვიქვიან, არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა, ვერ მიხვდომისა წყენითა ზოგთა აქუსთ საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა კულავ ზოგთა ქვე უძს ბუნება, კეკლუცთა ზედან ფრფენითა

31. მიკვირს კაცი რად იფერებს, საყვარლისა სიყვარულსა რადგან უყვარს რად აყივნებს, მისთჳს მკვდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს, რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ,ურჩევნია სულსა გულსა

32. თუ მოყვარე მოყვრისათვის, სტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა, შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ,ნურაოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს თუ კაცსა იახლების

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

33. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სჳანი მაღალი უხჳ მდაბალი, ლაშქარმრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული განგებიანი თჳთ მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი

34. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის, გული გონება და სული ბრძენი ჴამს მისად მაქებრად, და ენა ბევრად ასული

35. მისი სახელი თინათინ, არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო, მისგან მზე საწუნარია მეფემან იჴმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხნა დაუწყო, მათ ამო საუბნარია

36. უბრძანა გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი, გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვჰსჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უმთვაროსა

37. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვჰკვდები ,სოფელი ასრე მქმნელია რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია ჩემი ძე დავსვათ ჴელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია

38. ვეზირთა ჰკადრეს მეფეო, რად ჰკადრეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გაჴმეს ეგრეცა, გვმართებს აზომცა ჯერობა მისივე ჰმეტობს ყოველსა, სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკულავმან, ვითამცა ჰკადრა მტერობა