ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1601. შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია, კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. და არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველ-ჭმულია.

1602. ერთმან ერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი, ერთმან ერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი, და ჰსტიროდეს, მათთა მჭვრეტელთა გულიმცა ესხნეს წდობილნი.

1603. მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, და მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ჰხამს, თავი იქედგოროსა.

1604. მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა სწებენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან. და მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

1605. ნესტან-დარეჯან სთქვა: “ნეტამც ყოლა არ შემოგცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, და ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთვის ჰბნდებოდი”.

1606. თინათინ უთხრა: “ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო, და აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!”

1607. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი. იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი, და რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1608. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულ-თქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების, და ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1609. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ: “თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, და შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიჴოცებით”.

1610. ტარიელ შესჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე, “მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე”. და უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!”

1611. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, და მივლენ სამნივე გულითა ერთმან ერთისა მარგითა.

1612. სამთავე ვლეს, ღმერთსა მათებრ სხვა ნურა ნუ დაბადოსა! მოეგებიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდაჰხდეს უდილადოსა, და ვითა ჰმართებდათ, ჰპურობდეს, ღვინოსა ჰსვემდეს, არ დოსა.

1613. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი, შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,– და ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1614. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა ჰსჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დაჰსვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს და “ესეაო მეფე ჩვენი!” იზახდიან, ამას ხმობდეს.

1615. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დაჰსხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნი-ღა რად დაჰბადნეს! და ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1616. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა ჰხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, და გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1617. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ჰხადოდიან “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, და სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1618. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა, და ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1619. “ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე, მუნიდაღმე გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგანაო ჩემი ღონე, და მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე.”

1620. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია, და მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.