ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1429. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისი თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოისწრაფენ ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1430. შვენებითა არსთა მზე ხარ ქვეყანისა არეული ბროლ ბალახში ძოწ გიშერი პირ გავსილი მთვარეული ალვის ნორჩი ცისკრის ვარდი მუშკ სურნელი ამბრეული ნუ დასჭნები წამერთ მოვა ღმრთის წყალობა ადრეული

1431. პირმზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა სულთქვამსიკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1432. მონასა კითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწათა ზედან მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი

1433. ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლაც მიმირთმევია ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დალევია

1434. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყველაი თქვენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1435. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი არ იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მიუწერ შენცა კადრე ვარ ვითამცა გულმდუღარი

წიგნი ნესტანდარეჯანისა ფატმან ხათუნთან მიეწერა

1436. პირმზე ვსწერ აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო

1437. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები

1438. სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე რასა ქვიან ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1439. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ბრალია

1440. შენ ამბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყვარელსა შემახვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთვალე

1441. მე რომ მჭირს კმარის ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვისა ყორითა

1442. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია თუმცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია

წიგნი ნესტანდარეჯანისა საყვარელთან მიწერილი

1443. აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1444. ჰე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქვს კალამი ნაღველსა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავგულო დაბმულხარ ნუ აეხსნები აწ ები

1445. ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქმნელია რაზომცა ნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ძნელია

1446. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქნას უშენომან გულმან შენგან დალახვრულმან გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან