ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1351. შევე ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედა შევსვი მხიარული არმომკვნესი გვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი წახდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

1352. დღე მიიყარა ხმა გახდა მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შიგან ქალაქი შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ პოვოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი

1353. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი [...................] დარბაზის ერთა შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორა მას აქათ ჩვენ ვართ სინათლეკლებულნი

1354. მას მთვარისა სადაობა კვლა გიამბო საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი

1355. მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი

1356. ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ იშ თავი ვიხსენ მე რულად

1357. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავისწინა ოდეს მეხმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა შენცა მოხვე შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო მოგაგებე მონა წინა

1358. აღარ დაბრუნდით მოხვედით შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე ჩემ ზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა არ ენით

1359. თუმცა ისი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს ვითა შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ სწვითა მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ღ~თო დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა

1360. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ შვიდობით იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილისა ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა

1361. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკვდართა ფერია

1362. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს კვლა იტყვის ფატმან ტირილით კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს წახდესო შუქნი რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

ამბავი ნესტანდარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა

1363. ვაი საწუთროო სიცრუვით თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა სცნას შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სად არე

1364. ფატმან იტყვის მომეშორა მზე მნათობი სრულად ხმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ხელთა მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავახმი წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გადამღვრელთა

1365. სახლი და შვილი მამძულდეს ვჯდი უგულოთა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა მიჩნს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა

1366. დღესა ერთსა საღამოჟამ ჩასლვა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჯაგთა კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა ვსთქვი კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა

1367. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა მონა მონურად მოსილი სხვანი მგზავრულად ხამითა სასმელსაჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა სმიდეს ჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარულნი ამითა

1368. მე უყურებდი უჭვრეტდი თქვეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით არც არა ვიცით ვინ ვინ ვართ ანუ სით მოვიარენით ხამს ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით

1369. მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჰე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქვრიმი დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა მაგათაგან უკეთესია