ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1370. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხვდა ცემა სენისა მათისა დამამხობლისა მოგვიკვდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უკეთესი მშობლისა

1371. დულარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაკოდს ხმა მისი ვერავის დაუკოდია მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის მორჭმული წოდია

1372. გვესმა ამბავი ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვაზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა ვითა ვკადროთო დავსება პირისა ხმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრათასისა

1373. როშაქ ბრძანა მოცავინმკლავს მე ტირილსა არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავჰყვები

1374. გვითხრა მისთა ხელისათა წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკე გარდმოვდევით

1375. მინდორმინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილა ზედა ხმელსა დაბნეული მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1376. ზოგთა ვთქვით არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართეთ ახლოსმცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა ჩვენი მოუბარეო

1377. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქვენ სახელნი თქვენი თქვენით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით

1378. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მაელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა

1379. კვლავ ვეუბენით მას მზესა ტკბილმოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა გვერდსა წაუდგა ცხენითა აღარ გაუშვით დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა

1380. კვლავ ვკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა

1381. არცარა ცხადი ამბავი არცარა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშქუშად გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი

1382. როშაქ გვიბრძანა ნუ კითხავთ აწ თურე არ სათქმელია ამისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია მით რომე ღმერთი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია

1383. ესე ღ~თსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ გავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1384. მივემოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვკადრეთ ხელდახელ არცა თუ წავეკიდენით იგი სტირს ღაწვსა გულმდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით

1385. მე როშაქს ვკადრე გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამომიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედამსწრებელი

1386. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხენა მომეცა მსგავსი დრამისა წონისა

1387. მოვიყვანე იგი მონა ახლოს დავსვი ჩემსა წინა ვკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა მან იგივე კვლა მიანბო რაცა მუნით მომესმინა მან ამბავმან გამაცოცხლა სულმობრძავი დამარჩინა

1388. მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ წავლენ წამოვლენ მათითა ხელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა

1389. სამ დღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა ზღვას იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი მართ ვითა მზისადა ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა