ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1312. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდის სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით

უსენისაგან გამჟღავნება ნესტანდარეჯანისა მეფესთანა

1313. რა გამოხდა ხანი რამე გამოვიდა ღამედღენი უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანდიდგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ უდარბაზო უძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღ~თო ბრძანებაა ეგე თქვენი

1314. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები ამა ქალისა ამბავსა მომკალ თუ არ ეკრძალები კვლავ შემომფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ხრმალები

1315. უსენ მოვიდა ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა მეფეა მისი მდომელი წინა მიისვა შეიძღვნა ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი ცქაფი უწრფელი რომელი

1316. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი კვლა შესვეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდეს იგი ფიცი რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა მართებს ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

1317. უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენ მთრვალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა უმსგავსოსა პოებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან ძღვენთა შენთა ნაათალსა

1318. თაყვანი სცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ხელმწიფეო ზეცით შუქთა მამფენელო მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამომყვა მბოძებია თქვენგან მეო

1319. ამას გკადრებ თავმან თქვენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა

1320. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად ეამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა სრულქმნა უსენის თქმულისა

1321. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ყვა მონა სამოცი ვით ხელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავკვირდი ვთქვი რამე საქმე ზესია

1322. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა ღმრთისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მოგვგვარე წავიყვანოთ ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი რისხვა ღმრთისა ეცა გორთა

1323. მე გაკვირვებით კვლა ვკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1324. შევე ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლდასხმულად ვკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულმოკლულად

1325. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არახალია ძველია

1326. თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა აგრე გულუშიშრად ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯაღითა მოიბურა ტანი პირი

1327. შევე საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა თვალმარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი შავგული მისთვის კვდებოდა

1328. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დასადარი ცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გაჰხდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით წყნარი არის მოუბარი

1329. ზედა მოატყდა მჭვრეტელი გახდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სრაანგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო აქა ვით მოიგვარები

1330. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი შექნნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად მართებს ამისთა მიჯნურსა ხელნი თუ რბოდეს ახ ველად