ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1467. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გაახაფოს ხმა ხაფი კვლა უფრო გასახაფავი თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე ჩემი ნაალაფავი

1468. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქვენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყველაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1469. სახლი არ მახლავს არ ძალმაქვს გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმადნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისა ფრიდონს წინაშე თავის ყმების ხელითა

1470. დაწერა ფრიდონ მაღალო სვესრულო მეფეთმეფეო ლომისა მგზავსო ძალგულად მზეო შუქმოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უნცროსმან ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო

1471. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცვნია მართლად ამბავი პირისა მზედსახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქვესკნელს დამარხულისა

1472. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისლვა მიჩანს თამაშად თუცა გზა საომარია ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

1473. გულმხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქთ იგი არ აგცილდების არ თურემ კაცმან დაგიდგნა ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

1474. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზაგზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრად ა იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეხმარე

1475. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია ამოდ მსახურეს თქვენიმცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქვენთანა ხანდაზმულია მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1476. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან შესთვალა ზეპირ რაცა ხმდა სრულად მართ ვითა გია მან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან

1477. მოქარავნეთა უბრძანა საქმე მიც გითხარ განაო კარგად მომიხდა მოყვსობა მე თქვენი მესვიანაო რაცა მინდოდა ყველაი ვქენ ღ~თნ მაგულვანაო აწ აღარა მცალს ბადრაგა სხვა წაიტანეთ თანაო

1478. მონახა პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა

1479. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაცაგვმარხენო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა

1480. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისი უხარის მით ამბავითა ხელგანპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა

1481. მოწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსლვა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროსტანისა სულთქმნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა

1482. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანაგიჭვრეტ თვალითა გულტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა

1483. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის ლომვეფხნი მოშამბნარენი

1484. ქვაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქვა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირისპირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია