ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1387. “ქაჯეთს ერთხელ მეც ყოფილ ვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების: ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გვინდა, — რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

1388. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა; ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1389. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა; ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ თქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა, აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1390. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან; მივიდეს, აჩნდა ქალაქი. მცველთა ვერ დასთვალვიდიან, გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1391. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია. მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია; თქვეს:”ვითათბიროთ, ვითა სჯობს, აწ გამორჩევა ძნელია; ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.

თათბირი ნურადინ-ფრიდონისა

1392. ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია; ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია; პირს–პირ ომი არ ძალ–გვიც, არ-ჟამი საკვეხარია, ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1393. “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთნიდიან; ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან, ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1394. “აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ადვილად მიჩს, ასრე ვითა, ველისა, თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1395. “აბჯრითა გავლა არა მიჩს ჭირად გატანა ფარისა; შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა, ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა! თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

თათბირი ავთანდილისა

1396. ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან: ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელთა თათბირსა, მტერთა ივაგლახ–ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლოს–ახლოს ყივიან!

1397. “რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმის აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება; წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება.

1398. “სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა, სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.

1399. “სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები; მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!

1400. “შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მსგავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად. თუ რა სხვა გვიჯობს,, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

თათბირი ტარიელისა

1401. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ – გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა, კაცი - მცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.

1402. “მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ხმა ესმას ჩემსა ხელ -მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა, თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1403. “მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას–ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები; მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები."