ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1328. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა, სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1329. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა; ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა; უბრძანა: ”გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენ თანა საუბნარითა”.

1330. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი, ტარიელისკე იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

1331. ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: “იგი კლდენია, სადა - ა, ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, ვუამბო რაცა მსმენია, არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა? ცუდ ჩემი განავლენია!”

1332. “თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაჰზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა; სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო”, — იგონებდა, იხედვიდა, ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.

1333. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.

1334. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ჰხლებოდა; ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.

1335. ხრმალი გატყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა. ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა, ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1336. ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები: — სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, — “რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები!”

1337. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა; გაღიმდის, ძოწნი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა; ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა”.

1338. ტარიელ უთხრა: “ჰე ძმაო, კმა არს, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, — ნახვა შენია; სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა არ საქმე ზენია!”

1339. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბვისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისცა, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა. რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1340. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაექცეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან. მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ ყაენ, ვერცა სალამან.

1341. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა, შეფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა; ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა; მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1342. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა, ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა; გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა, მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსენ ფერითა.

1343. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა: “რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა; წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1344. “მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა? თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა! ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა, თქმულა: “სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა””.

1345. უცნობო-ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1346. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა; ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა, თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა, ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.

1347. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი შთამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან, მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, — სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან.