ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1404. ,,ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა”.

1405. ფრიდონ უთხრა: “შემიგნია, გამიგია, ვიცი მე რა: მაგა ცხენსა ჩემეულსა წამოასწრებს კართა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1406. ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბნართა ესოდენთა. ამას ზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1407. კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1408. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა, დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1409. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1410. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწთომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია. აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელნი ომნია!

1411. სამთავე სამად გაიყვეს — თვითომან თვითო კარები; თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცთრუო, არ - ნაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

1412. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ–ხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.

1413. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი. რა ნახნეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი, სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1414. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედულმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1415. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიმხარკე ციხეს სწრაფისა.

1416. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, თქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1417. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.

1418. ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი გახმულნი, კართა ნალეწი — სრეული; ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული”.

1419. გზანი დაჰხვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1420. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცონ და ცრემლნი ღვარნენ; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნენ. მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ, აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნენ.

1421. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთა პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.

1422. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორნივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბარითა.

1423. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათი მბრძოლნი იშვლე - ითხეს.