ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1424. სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა; მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დაჰრჩომოდა, რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა!

1425. მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები; სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები, იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1426. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია, წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია; ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია, თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.

ტარიელისგან ზღვათა მეფისას მისლვა

1427. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი, შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი; ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი; მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1428. “აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია; ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, მისად მუქაფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.

1429. “მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

1430. “თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა; მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასა - მცა სხვადღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, არსე ვითა ბროლი ფისსა!”

1431. რა კაცი ტარიელისი ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, — წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, — მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.

1432. ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მიაქვს, რიცხვი ტურფათა, არ-სიდიადე სათისა; ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა; უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

1433. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა; ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

1434. ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი; იტყვის: “ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი! ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი”.

1435. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი: “ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი, აწ აგრე ვარ, გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი”.

1436. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა; უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა.

1437. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ-დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

1438. ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა, მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1439. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი, თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი, მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცა-ა დავლა თქვენი!"

1440. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა: “დიდად ვიამე, მეფეო, პირველ ნახვითა თქვენითა, მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა, ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა”.

1441. ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო, მსგავსი თქვენი რა - მცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო! რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!”

1442. ტარელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია; დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.