ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1443. ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა: “მე,მეფეო, ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა. ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!”

1444. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენნი, კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი: “უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი, საჩანგდაფენი, მაგრა გაგვიშვენ, ჟამია, წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი.

1445. ”შენ იყავ ჩვენი მშობელი, ჩვენგან ღმრთად საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო”. მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!”

1446. მეფემან ნავი-ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1447. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა, ბაგეთა შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1448. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა — ნაომართა მათთა მთხრობლად: “მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად”.

1449. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1450. მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარეჯან მოიჭდო, რომე ვერ გაჰხსნის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1451. ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა, წყალობა, ვცან, მისი არ- სიძვირით-ა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!”

1452. ასმათ ჰკადრა: “ მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი: სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახნე მხიარულნი.” სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.

1453. დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ-ა მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება”.

1454. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვება საუკუნო ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ - დიდებანი იასოცნეს”.

1455. “თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთა იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.

1456. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქვმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: “რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვის-მცა ივაგლახეს!”

1457. “ვინ ღირს-ა თქვენგან ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”. კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნურად იქმთ გამწარებასა, ღმერთი-მცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1458. ავთანდილცა მიუმტკივნა, ეტყვის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა, რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა”.

1459. მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია, მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1460. შუკათა მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია; შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია; მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1461. გადახდეს და ფრიდონისსა სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯნისა ფრიდონისგან