ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1501. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად; აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად, ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად, მთვარე, მზისად.

1502. მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები. დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ - ხშირად, თანის-თანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1503. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა, შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა; მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.

1504. “მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა; მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.

1505. “აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი სპანია, ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.

1506. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა; თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1507. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა. დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.

1508. მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი. ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი, თქვეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია, შენთვის მზანი!”

1509. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: “აგერა ჰხედავ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა? ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.

1510. “ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა”.

1511. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმ - მცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

1512. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი. ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1513. ფრიდონ წაჰყვა; განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა, ცნა მეფემან, ტარიელ- ა მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა, გარდახდა და თაყვანის-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა. სდებს პატივსა ინდოთ მეფე, მართ მამისა შესაგვანსა.

1514. ტარიელცა თაყვანის-სცა, მივა კოცნად, სასალამოდ; მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ, გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: “შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.

1515. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა, პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა; კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანის - სცა მან მეფესა, მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1516. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების. ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების; მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების! რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?”

1517. “ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა! მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა, ვიაჯ რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

1518. დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა; ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა-ქცევისა და ზმისა; დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1519. “მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად, მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად; თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, ვინ არის ჩემად სინათლედ და ბნელთა გამათენებლად.

1520. “აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით: ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით, დაჰვიწყდეს. რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით; არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.