ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1272. “მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული, ავთანდილ, მოყმე, არაბი, არაბეთს შიგან ქებული, სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული; შენ სწერდი შანსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

1273. “ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა: მოსრულანა ქაჯნი შინა? მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა: ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?

1274. “რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე; მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე! შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე, ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!

1275. წადი, უსტარო ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები; დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების ბროლი, სათი და ლალები; ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები, მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანით- ბანსა.

1276. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა: “ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!” მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისვა ზედა ტანსა, მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანით-ბანსა.

1277. წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა. რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა. უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა, მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

1278. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი; იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი, შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის-ფერად — იანი.

1279. ზანგმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები? მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები; ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუვილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!”

1280. პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბვითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა; სულთქვამს, იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1281. მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი? ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?” მან მოახსენა: “ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცნებელი, რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1282. “ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია; მას რომე ცრემლი სდიოდეს, ზღვათაცა შენართევია; მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

1283. “აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა, მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა; მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა”.

1284. ქალმან უთხრა: “მემართლების, ყრმაო, შენი ნაუბარი! ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წინაგვარი. უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი, მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანს თანა

1285. პირ-მზე ვწერ: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო? მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1286. “შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები, ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1287. “სხვად ამბავი აქაური მეტი რა-მცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე, არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე, რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!

1288. “ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია, იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია, მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაიმე, რა დიდი ბრალია!

1289. “შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე, ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე; გეხვეწები, საყვარელსა შემახვეწე, შემიბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე.

1290. “მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.