ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1368. ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხრმალი ბასრისა, მჭრელიო; თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გაჰხსნას, არის მეფეთა მკლველიო”.

1369. კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი; ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი მგვანი, — ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

1370. თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყვე, არ გაჰყიდიან.

1371. თქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა”. აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა, თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

1372. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები; გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ თქვა: “ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები, ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.

ტარიელისა და ავთანდილისგან წასლვა ფრიდონისასა

1373. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა, ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა; მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა; ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვა - მცა ვინღა წაიტანა!

1374. იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა; ჯოგი ნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა!

1375. “ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად, — ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად”.

1376. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა; უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა”.

1377. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს: “გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!” ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.

1378. შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზრვიდა; დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1379. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: “ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”

1380. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის-სცა. იგინიცა გარდახდეს, და მოეხვივნეს, აკოცესცა. ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა; დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1381. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რა - მცა დავიზარე!” ჰგვანდა, თუ - მცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე, ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1382. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა, ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა; მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1383. უთხრეს: “ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სამე გვისხენ სხვანია”. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1384. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა; აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა, დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1385. უთხრა, თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა, მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა, თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1386. “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი; სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; ჩვენ, ქაჯეთს ქაჯთა მეომართ, დავაგნეთ ხრმალთა კოტანი, მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.