ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1310. ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი. ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათა მონაბერი.

1311. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი, წამ-ერთ მიხდა ფატმანისას, დღე იარა არ-მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ხელ-აპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა-სრული, არა მთრვალი.

1312. ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი, წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი, ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.

1313. ხათუნმან უთხრა: “ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების; მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.

1314. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მას თანა ხლებულნი; უბრძანა: “მკვდარნი აქამდის, აწღა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გაახლებულნი, ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახ - ლებულნი!

1315. “მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი; მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი, თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1316. “ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები; მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები; აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

1317. “სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა” მისცა მართ სავსე ხვამალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა, უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა”.

წიგნი ავთანდილისა ფრიდონს თანა

1318. დაწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო, ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

1319. “ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა, კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა; მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა”.

1320. “იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიმიჩს თამაშად, თუმცა გზა საომარია. ნარგისთა წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია, ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.

1321. “გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების; რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების, არ თუ ვერ კაცმან დაგიდგნეს, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.

1322. “აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე; ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა, გაიხარე, ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.

1323. “ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია: ამოდ მმსახურეს, თქვენი - მცა გული ამათთვის სრულია! ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია? “მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს,” ესე ბრძენთაგან თქმულია.”

1324. ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან; შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან, მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1325. მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე, პირია სავსე მთვარისა, მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მწუხარისა; მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

1326. ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა, იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა! რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა, და-ცა-გვმარხენო ხელითა ჩვენითა დამმარხველითა?”

წასვლა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

1327. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისი უხარის მით ამბავითა, ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.