ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1291. “გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია; ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

1292. აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი მტირალი, მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდის კირ - ალი! დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი.

1293. ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი — ნაღველსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, — გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1294. ჰხედავა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია? რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაიმე, რა დიდი ძნელია!

1295. “ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან! ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ, რა ქმნას უშენომან, გულმან, შენგან დალახვრულმან! გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1296. “შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე; ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე, ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.

1297. “შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისად ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად! მომიგონებდე, გახსოვდი მე შენთვის დაკარგული სად; ვზი მზრდელად სიყვარულისა მის ჩემგან დანერგულისად.

1298. “ სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთი-მცა მას ეტერების! აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1299. “აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა დამისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა, კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა; ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

1300. “ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა - დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1301. “ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!

1302. “შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა; ჩემი სთქვა, სხვათა მიჰხვდების იგი ალვისა ტანითა. არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა; ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

1303. “შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი, შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი! აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

1304. “ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1305. “მზე უშენოდ ვერ იქნების, რათგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილი - მცა მქონდა ტკბილი.

1306. “მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!

1307. “წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!

1308. “რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად; შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასახივარად, ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1309. “აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა! გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა."