ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1521. “თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცეთ ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.

1522. “ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”. ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა იგი ყელსა, ადგა, მუხლნი დაუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა. გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1523. რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა, მოახსენა: “ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა, თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1524. “ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს; გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს: სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისი გა-ცა-ფრინდეს!

1525. “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა; თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა; ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა, რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასცა ოდენ იგი ჯერა!”

1526. “თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინ - მცა გკადრა შეცილება, უშმაგო - მცა ვით მოგმდურდა! თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა? დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

1527. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა. კვლა მეფემან თაყვანის-სცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მართ ერთსაცა არ ეწყინა.

1528. ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა! წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1529. მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა, ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, მაგრა მისსა შვენებასა რა - მცა ვითა დაჰფარვიდა!?

1530. მეფე კოცნასა ჰლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან; ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან; უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან; რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, გაე, რასაღა გრცხვენიან!”

1531. მოეხვია, გარდუკოცნა მას პირისა არე-მარე : “დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე, მარე; ვინ გიშერი დააჯოგა და წამწამი არემა-რე, გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე”.

1532. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა; იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა, მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1533. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ! რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1534. ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს. მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1535. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან, დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

1536. ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო! შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

1537. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა, სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა.

1538. შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხვდომვის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1539. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა; სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა, მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა; შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.

1540. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.