ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1233. “ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცთია, მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. ნუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ — მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”.

1234. “მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით; დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით, არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით; იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

1235. “მე როშაქს ვჰკადრე: “გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი “. მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი, თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედა-მსწრებელი”.

1236. “მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

1237. “მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა, ვჰკითხე: “მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეც მინა.” მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულ-მობრძავი დამარჩინა.

1238. “მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ მივლენ, წამოვლენ მათითა ხელოვნებითა; მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: “ნუ დასდგებითა, მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა”.

1239. “სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა: “მიუგვრიაო მეფისად, ზღვათ იქით წამავლისადა; ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი, მართ ვითა მზისადა, ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1240. “როსანს შევჰრთოთო, — დულარდუხტს მეფესა უბრძანებია - ჯერთ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია; შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”. ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1241. “ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია, მით რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია, ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1242. “ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძვრომელი ხვრელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1243. “გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები, ქალაქის კართა სამთავე — სამათას-სამათასები. გულო, გაგსაჯა სოფელმან, და, გლახ,არ ვიცი რას ები!”

1244. ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან, რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან!”

1245. ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად, მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

1246. “მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს ქალსა?!” ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია, კაცნიაო, მიჰნდობიან კლდესა სალსა.

1247. “ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1248. “იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს — დღესა ბნელად იქმან, სწადდეს — ბნელსა ანათლობენ.

1249. “ამისათვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”. ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1250. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; თქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი, ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!”

1251. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა; ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა; ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1252. მას ღამე ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა; ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მხეც-ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა.